როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ჩვენ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაბრკოლებების გადალახვა" - თამარ გაგოშიძე
,,თანამედროვე ბავშვს სჭირდება, რომ საკუთარი თავი დაინახოს ძალიან დიდი რაოდენობის, ზღვა ინფორმაციაში. როდესაც ტვინი გადაწყვის პროცესშია, უბრალოდ, იკეტება და მერე მშობელი გვეუბნება, რომ ბავშვს არაფერი აინტერესებს, არაფერი უნდა. მას სურს, გამოჰყოს პრიორიტეტები, გააკეთოს ანალიზი და ამისთვის სჭირდება დახმარება. მშობელი არ ეხმარება", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ გადაცემაში ,,შუადღე" ისაუბრა.
,,ჩვენ არ ვუყურებთ არც ერთმანეთს და არც ჩვენს შვილებს. მშობლისთვის მტკივნეულია, როცა აღმოაჩენს, რომ შვილს, რომელიც უნდოდა, მუსიკოსი გამოსულიყო, ნიჭი არ აღმოაჩნდა. ის მაინც ცდილობს, რაღაცნაირად, მაინც ავარჯიშოს ამ მიმართულებით. რისი ნიჭი აქვს, რა აინტერესებს, აი, ამას უნდა დააკვირდე და ამ მხრივ უნდა შეუწყო ხელი. ბედნიერება სწორედ ეს არის, რომ ადამიანს შეუძლია რეალიზაცია, შეუძლია საკუთარი თავის უნარების დანახვა და, ასევე, მინუსების დანახვა.
ჩვენ პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს დაბრკოლებების გადალახვა, მათ ბამბებში ვერ გავზრდით. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში და ბავშვობიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადობა. პატარების ნერვული სისტემა უნდა მიეჩვიოს, რომ როგორც კი იმედგაცრუება ექნება, ეს როგორ გადალახოს მისაღები გზით, ისე - რომ გამოხატოს ემოცია, სხვისი ემოციაც გაიგოს, მაგრამ თან გაითვალისწინოს სხვა ადამიანი. ამას სჭირდება ყოველდღიური ვარჯიში", - აღნიშნავს გაგოშიძე და საუბრობს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი მაშინ, როდესაც საკუთარი შვილის ყოველდღიურობაში სპეციალისტის ჩარევაა საჭირო. ის ამბობს, რომ ამისთვის ბავშვი წინასწარ უნდა შევამზადოთ.
,,სწორი მიდგომა, მაგალითად, ასეთია - ბავშვს ეუბნები, რომ არ მოგწონს, როდესაც მეცადინეობასთან დაკავშირებით მუდმივად გაქვთ კონფლიქტი. ან თუ ემოციურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეუბნები, რომ ვერ იგებ, როგორ უნდა დაეხმარო და არ გაქვს სურვილი, ყოველთვის კამათობდეთ - ,,მინდა, რომ მხარი დაგიჭირო, მაგრამ არ ვიცი, როგორ". ღიად ეუბნები, რომ საჭიროა სპეციალისტთან საუბარი. სინამდვილეში, ეს მშობელსაც სჭირდება. არ უნდა შეგრცხვეს, რომ ბავშვთან აღიარო არცოდნა, ხანდახან ბოდიშიც უნდა მოუხადო და ამით ასწავლო, რომ შეიძლება, ადამიანს რაიმე შეეშალოს და შემდგომ ბოდიში მოიხადოს. ვუხსნით, რომ ეს თავად გვჭირდება, სპეციალისტმა აგვიხსნას, როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილს - კარგი იქნება, თუ წავალთ ორივე, ორივეს დაგველაპარაკება, რაღაცებს გაგვაკეთებინებს... ანუ, წინასწარ ვამზადებთ ბავშვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გაურკვევლობას ვერც უფროსები ვიტანთ", - ამბობს თამარ გაგოშიძე.