როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის? - რეკომენდაციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგისგან
რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის და როგორ დავეხმაროთ მათ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა.
- რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის?
- შიში ისეთივე მნიშვნელოვანი ემოციაა, როგორც სიხარული, ბრაზი და ა.შ. ხშირად სამუშაო პროცესში ვხვდები დამოკიდებულებას, რომ შიში ცუდი ემოციაა და სირცხვილთანაც აკავშირებენ. ზოგადად, ემოციებთან და მათ შორის, შიშთანაც, არასწორი შეფასებაა - ცუდი ან კარგი. სინამდვილეში შიშს დიდი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, გვიცავს აღქმული საფრთხეებისგან.
შიშს ყველა ბავშვი გრძნობს ბავშვობაში, ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ჩვეულებრივ, პირველად 3-დან 6 წლამდე ასაკში ჩნდება. ამ ასაკში ბავშვებს უჭირთ გამიჯნონ ფანტაზია და რეალობა, ამიტომ საწოლის ქვეშ ან კარადაში შესაძლოა წარმოიდგინონ სხვადასხვა პერსონაჟი.
- თუ პრობლემას ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლებელია თუ არა მომავალში გართულდეს?
- ისეთი ფრაზები, როგორიც არის „არაფერია საშიში”, „ნუ გეშინია”, „ამხელა ბიჭს/გოგოს როგორ გეშინია, სირცხვილია” - დაუშვებელია. ბავშვის ემოციის იგნორით, გაბრაზებით, შერცხვენით ან გაუფასურებით, მას ვერ ვეხმარებით, პირიქით, უკიდურესი შედეგები შეიძლება მივიღოთ.
- როგორ დავეხმაროთ და ავუხსნათ პატარას, რომ არაფერია საშიში?
- სიბნელის შიში არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიბნელის შიში. ეს შიში გულისხმობს სიბნელეში რაიმე საფრთხის არსებობის და მისი ვერ დანახვის შიშს. აქედან გამომდინარე, ფანტაზიის დახმარებით ბავშვისთვის ჩრდილი ბნელ კუთხეში შეიძლება მონსტრად გადაიქცეს. მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს ძლიერი შიში, რომ საწოლის ქვეშ მონსტრია და ჩვენ ვუხსნით რომ საწოლის ქვეშ საფრთხე არ არის, მაგრამ მას ისევ ეშინია, ამ დროს, შესაძლოა მშობელი გაღიზიანდეს, გაბრაზდეს ან საკუთარი თავი დაადანაშაულოს რომ საკმარისად კარგად ვერ უხსნის. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ასაკობრივი თავისებურება, ბავშვს აღნიშნულ ასაკში უჭირს ფანტაზიის და რეალობის გამიჯვნა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა თქვენ გისმენდეთ, მაგრამ ამან გავლენა არ იქონიოს და კიდევ უფრო მეტად დატვირთოს ბავშვის ემოციური მდგომარეობა.
- რა გზები არსებობს შიშის დასაძლევად?
რეკომენდაციები:
- მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ და ვაღიაროთ ბავშვის შიში, ვალიდურად მივიღოთ და არავითარ შემთხვევაში არ გავაუფასუროთ. ასევე, არ არის რეკომენდებული ისეთი სქემების მიწოდება, როგორიც არის „კარგ ბავშვებს არ ეშინიათ”, „კარგ ბავშვებთან მონსტრები არ მოდიან”.
როგორც აღვნიშვნე, მნიშვნელოვანია ვალიდაცია მივცეთ ბავშვს, ვაგრძნობინოთ თანაგანცდა, რომ მარტო არ არის ამ შიშთან და გვსურს მისი დახმარება. თუ ჩვენ ვალიდურად მივიღებთ მის შიშს, დავეხმარებით ამ შიშის გამოკვლევაში და შესწავლაში, ბავშვი მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს და აუცილებლად გაუმკლავდება.
თუ ბავშვს ეშინია ბნელ ოთახში მარტო დარჩენის და დაძინების, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ხშირად გავატაროთ დრო ერთად ბნელ ოთახში. მაგალითად, ჩაბნელებულ ოთახში მოვაწყოთ ფანრებით განძის ძიება ან კედელზე ჩრდილებით ვითამაშოთ. რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ მხიარულად სიბნელეში, ბავშვი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ისწავლის როგორ გამოიკვლიოს შიში, არსებული გარემო. ასევე, შესაძლოა დაეხმაროს ძილის მეგობარი, სათამაშო, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.
შეგვიძლია ძილის წინა რიტუალის შემდეგ ერთად ფანრით გამოვიკვლიოთ ოთახის კუთხეები, საწოლის ქვეშ არსებული სივრცე და ეს ფანარიც დავუტოვოთ ბავშვს, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტომაც გააგრძელოს გამოკვლევა.