როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვი რომ ცუდად იქცევა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ჩვენ ხშირად მის კარგ საქციელზე არანაირ რეაგირებას არ ვაკეთებთ,“ - მაია ხერხეულიძე
პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ტირილის და ჭირვეულობის ხშირი გამოვლენის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთი წლის ასაკში ბავშვის ემოციური განვითარება წინ უსრებს მისი მეტყველების განვითარებას, რის გამოც ის ზოგჯერ აგრესიული ხდება:
„ერთი წლიდან სამ წლამდე ტირილის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ერთი წლის ასაკში ხშირად ამბობენ ხოლმე: „ყველაფერზე ტირის.“ ეს გასაგებია, იმიტომ, რომ მეტყველება ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული. ამ ასაკში ემოციის განვითარება წინ უსწრებს მეტყველების განვითარებას. ბავშვს ემოციები აქვს, მაგრამ ამას მეტყველებით ვერ გამოხატავს. ამას ვეძახით კიდეც ერთი წლის კრიზისს. შესაძლებელია, ამ პერიოდში ბავშვი რაღაცებს აგრესიით გამოხატავდეს.“
მაია ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ ორი წლის შემდეგ ბავშვებს პიროვნული „მე“ უჩნდებათ, რის გამოც ისინი ჯიუტები ხდებიან:
„შემდეგი პერიოდი არის ორწლინახევრიდან სამ წლამდე, როდესაც შემოდის პიროვნული „მე.“ თუ აქამდე ბავშვი თავის თავზე ლაპარაკობდა მესამე პირში, რაღაცებს ასე არ ითხოვდა, უცებ შემოვიდა პიროვნული „მე.“ ბავშვმა აღიქვა თავისი თავი, როგორც პიროვნება. ის ითხოვს, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთოს. ამ დროს იწყება პირველადი სიჯიუტის პერიოდი. ბავშვს უნდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც მას უნდა. ხშირ შემთხვევაში თავისი სურვილები რომ შეისრულოს, არამხოლოდ ტირილით, ისტერიული შეტევითაც გამოხატავს ამას. შეიძლება ის ძირს დაეცეს, ფეხები აბაკუნოს.“
მაია ხერხეულიძის თქმით, მშობელმა ოჯახში წესები უნდა დააწესოს, რომელიც ბავშვის გარდა ოჯახის ყველა სხვა წევრმაც უნდა შეასრულოს:
„მშობელმა, პირველ რიგში, უნდა დააწესოს წესები ოჯახში, თუ რა წესებს უნდა ექვემდებარებოდეს ოჯახის ყველა წევრი. ეს წესები აუცილებლად ყველამ უნდა შეასრულოს. ხშირად ასე ხდება ხოლმე, რომ მშობლები ბავშვს არ აძლევენ რაღაცის უფლებას, ბებია და ბაბუა კი პირიქით. ბავშვი იბნევა. ვერ ხვდება, რატომ არის, რომ რაღაც ვიღაცასთან შეიძლება, ვიღაცასთან არ შეიძლება. წესს უნდა დაექვემდებაროს აბსოლუტურად ყველა. ისტერიულ შეტევას სჭირდება იგნორირება. რაღაცნაირად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. როდესაც ბავშვი გაჩერდება, აუცილებლად უნდა მოეხვიოთ, უნდა უთხრათ, რომ ძალიან გიყვართ. მშობელმა ბავშვს უნდა უთხრას, რომ ყველაფერს შეუსრულებს, მაგრამ ასეთ საქციელს არ დაუშვებს.“
„ბავშვი რომ ცუდად იქცევა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ჩვენ ხშირად მის კარგ საქციელზე საერთოდ არანაირ რეაგირებას არ ვაკეთებთ. ჩვენ მხოლოდ ცუდ საქციელზე ვაკეთებთ რეაგირებას. ზოგჯერ ბავშვი ცუდად იქცევა იმიტომ, რომ მშობლის ყურადღება მან სხვანაირად ვერ მიიპყრო. მხოლოდ მაშინ აქცევს მშობელი ყურადღებას, როდესაც ის ასე იქცევა. წავახალისოთ ბავშვის ყველა კარგი საქციელი, ჩავეხუტოთ, ტაში დავუკრათ. ის ცდილობს, რომ მშობლის ყურადღება მაქსიმალურად მიიპყროს, ამიტომ ის ეცდება, რომ კარგად მოიქცეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.