რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორი უნდა იყოს მამა? - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მამებს
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მამებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა და შვილის აღზრდაში მამის როლის შესახებ ისაუბრა:
„მამა, რასაკვირველია, უნდა იყოს ცოტათი ბრძენი მაინც. შეიძლება ბევრი სიბრძნე ვერ შეიძინოს, მაგრამ შვილს რაღაცნაირად გზა გაუკვალოს. მამას უნდა უხაროდეს, რომ შვილი წავიდა წინ, გაასწრო შვილმა. თუ შვილი იქცევა არასწორად, ხანდახან მამაც იქცევა არასწორად. თუ მამამ უნდა დაარიგოს შვილი, მივცეთ უფლება, რომ შვილმაც უთხრას რაღაც მამას. მეც ბევრჯერ დავურიგებივარ პაატას და მეც რაღაცები მირჩევია მისთვის. რჩევები უნდა მისცეს მამამ, თითის ქნევით კი არ უნდა უთხრას, რომ ეს მეორედ აღარ გაბედოო. ახალგაზრდას აქვს ყველაფრის გაბედვის უფლება, მე არ მაქვს ყველაფრის აკრძალვის უფლება. რომც ავუკრძალო, ვერ ავუკრძალავ. ამიტომ მეგობრობაში ვთხოვ: „თუ შეიძლება, ჩემო შვილო, არ გააკეთო რა ეს.
თუ მამა შვილს არ ენდობა, თუ დედა შვილს არ ენდობა, აღზრდის ხერხემალი ტყდება. უნდობლობაში ბავშვს სანდო სიტყვას ვერ ეტყვი. შენ თუ უნდობლობას უცხადებ ბავშვს, ისიც უნდობლად გიყურებს.
ყველა ვართ თავისუფლების გარეშე, მაგრამ დავეძებთ თავისუფლებას. თავისუფლება განისაზღვრება მხოლოდ სულში და არჩევის პირობებში, როდესაც 100 რაღაც არის, ან 2 რაღაც არის და მე ერთი უნდა ავირჩიო. კი არ მაძალებს მამა, დედა ან ვიღაც. ბავშვს ეს არჩევანის განცდა უნდა მისცე. მშობელი უნდა იყოს თავის ნებისყოფაში შეკრული, რა უნდა ბავშვისგან. რაც უნდა ბავშვისგან მიიღოს, ის თვითონ უნდა განასახიეროს. ბავშვს საჭმელები მოუტანა, თუ მანქანები უყიდა, ეს არაფერი არ არის. მთავარია რა ზნეობას, რა კულტურას უჩვენებს, როგორ მეგობრობას, როგორ სამშობლოს სიყვარულს უჩვენებს ბავშვს.
ემოციებს არჩევა უნდა. არის დადებითი და უარყოფითი ემოციები. ჩხუბიც ემოციაა, ღრიალიც ემოციაა, რისხვაც ემოციაა, გაღიზიანებაც ემოციაა. ეს ისეთი ემოციაა, რომელიც არყევს ყველაფერს, აგურს აგურზე არ აყენებს,“ - მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.