„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
„კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“
„კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში, დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.
მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში. უკვე გვექნება სამედიცინო მიმართულების იმ უფროსკურსელების ბაზა, რომლებსაც გავლილი ექნებათ სწრაფი ტრენინგი. საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს.
მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, იმ ნაწილში დაეხმარებიან ჩვენი უფროსკურსელი სტუდენტები."