„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
,,თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია''
,,თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია,'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტალღა უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით:
,,მოკლედ რომ შვეაჯამოთ სტატისტიკური მონაცემები, მთლიანადაც და ჩვენს ქვეყანაშიც, თანდათან უფრო იძაბება ეპიდსიტუაცია და ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე, მეორე ტალღა დაწყებულია, რომელიც უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო მსუბუქი სიმძიმის თვალსაზრისით, ანუ უფრო მეტია მსუბუქად და ასიმპტომურად მიმდინარე შემთხვევები. დიაგნოსტირების დროს 36%-მდე უსიმპტომო პაციენტების რაოდენობაა, ანუ საკმაოდ დიდი წილია უსიმპტომოების და მსუბუქების, რომლებიც სწორედ უნდა იმართონ ბინაზე პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ და ვისაც ბინაზე იზოლირების საშუალება არ აქვს, კოვიდსასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო სტაციონარში უნდა მოხვდნენ მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ვისაც აუცილებლად სჭირდება ინტენსიური თერაპია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.