ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცია 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.
29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.