ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
,,საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის.
ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.
მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.
დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.
მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თქვენ ხართ გმირები!
მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!
კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის - ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!
დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!”
როგორია 2020 წელს ბაღებისა და სკოლების შემოწმების შედეგები? - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები.
2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება. „აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია“ - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.
შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.