Baby Bag

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

„არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა... ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო,“ - ლაშა თაბუკაშვილის მოგონება

მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის ვაჟი, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს იხსენებს და მისი ბავშვობის ყველაზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოგონების შესახებ საუბრობს:

„ხუთი წლის ასაკში არცთუ ბევრი რამ გამახსოვრდება, მაგრამ 1956 წლის 9 მარტის ზოგიერთი ფრაგმენტი მკაფიოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში. ზედ რუსთაველზე ვცხოვრობდით და ყველა პარადისა თუ მაგათი დღესასწაულის დროს ტანკები ჩვენი ფანჯრების ქვეშ იდგა ხოლმე. მეძინა... რეზო მოვიდა გვიან. მამა ნასვამი იყო. ხელში ამიყვანა, აივანზე გავიდა და გადამახედა. მთელს რუსთაველზე ჩაჩქანიანი ჯარისკაცები იყვნენ. მაშინ რეზომ ხმამაღლა რუსულ ენაზე, მათ გასაგონად მითხრა: „აი, შეხედე და დაიმახსოვრე, ესენი არიან შენი ერის ჯალათები.“ მერე ძირს დამსვა, რუსი ჯარისკაცების გინების ხმა გაისმა და რეზო აივნიდან ქუჩაში ჩახტა, მთვრალი სალდათისთვის უწმაწურ გინებაზე პასუხის გასაცემად. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა – ჯარისკაცები ხიშტებზე უპირებდნენ აგებას, მაგრამ ამ დროს დედაჩემი, ფეხშიშველი, ღამის პერანგით სახლიდან გამოვარდა და გადაეფარა. არ ვიცი, იმ ღამით რამ გადაგვარჩინა. ალბათ, მედიკო ძალიან ლამაზი იყო...“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს,“ - ლევან წულაძე

„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს,“ - ლევან წულაძე

რეჟისორმა ლევან წულაძემ მშობლებს ურჩია, ბავშვებს არ უთხრან, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს:

„არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. ეს ძალიან დიდი სტრესია ბავშვისთვის. 27 წლამდე ნუ შევინახავთ საიდუმლოს, მაგრამ თვითონ გაიგებს აუცილებლად და ისიც ეყოფა, რომ ტკივილი უნდა გადაიტანოს შემდეგ.“

ლევან წულაძის თქმით, მან რთულად გადაიტანა თოვლის ბაბუის შესახებ სიმართლის გაგება:

„შემთხვევით გავიგონე, რომ ტანსაცმელი, რომელიც მეგონა, რომ თოვლის ბაბუამ მაჩუქა, დედაჩემმა და მამაჩემმა მიყიდეს. მახსოვს, რომ ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადავიტანე. ეს ტრადიცია თავისით მოკვდება, თუ მოსაკვდომია. ​სანამ ბავშვებს ექნებათ ნორმალური ბავშვობა, იქნება ეს ტრადიცია. როდესაც ეს ყველაფერი დაინგრევა, ჩემდა სამწუხაროდ და ბავშვების სამწუხაროდ, აღარ იქნება.“

„მე თვითონ ვიყავი თოვლის ბაბუა. მომიტანეს თოვლის ბაბუის ფორმა, რომელიც იყო ძალიან პატარა, ჰქონდა ცუდი წვერი, ჩალის და არაბუნებრივი. რომ გამოვედი, ბავშვებო, ახალ წელს გილოცავთ-მეთქი, ტირილი დაიწყეს და გაიქცნენ. იმის მერე მთელი წელი ვაშინებდით, ჭამე ჩქარა ფაფა, თორემ თოვლის ბაბუა მოვა-თქო,“ - აღნიშნულ საკითხზე ლევან წულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „უიქენდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„უიქენდი“

წაიკითხეთ სრულად