Baby Bag

„არ დაუჯერო მას, ვისაც სხვების დასანახად მილიონების ხარჯვა შეუძლია, მაგრამ საკუთარი ახლობლისთვის პურის მიცემა უჭირს“

„არ დაუჯერო მას, ვისაც სხვების დასანახად მილიონების ხარჯვა შეუძლია, მაგრამ საკუთარი ახლობლისთვის პურის მიცემა უჭირს“

ავტორი: პეტრე კოლხი

არ დაუჯერო მას, ვინც ღვთის სიტყვას ქადაგებს, მაგრამ საქმით ბოროტებას სჩადის.
არ დაუჯერო მას, ვისაც სხვების დასანახად მილიონების ხარჯვა შეუძლია, მაგრამ საკუთარი ახლობლისთვის პურის მიცემა უჭირს.
არ დაუჯერო მას, ვინც მკაცრად მარხულობს, მაგრამ ადამიანს ცოცხლად ჭამს.
არ დაუჯერო მას, ვინც მდუმარებაშია, მაგრამ შინაგანად ყველას განიკითხავს.
არ დაუჯერო მას, ვისაც სულიერება მარტო ლოცვის მოსმენა ჰგონია, გულის სიღრმეში კი ყველა სძულს და მხოლოდ შური ამოძრავებს.
არ დაუჯერო მას, ვინც ადამიანებს სიმდიდრის და გავლენების მიხედვით ირჩევს. ის არასდროს იქნება შენიანი.
არ დაუჯერო მას, ვინც მუდამ დაპირებებს იძლევა. გახსოვდეს, ყოველთვის მოგატყუებს.
არ დაუჯერო მას, ვინც ცდილობს თავი მოგაწონოს, სინამდვილეში მოსაწონი არაფერი აქვს, უბრალოდ, სჭირდები.
არ დაუჯერო მას, ვინც სიკეთეზე საუბრობს, მაგრამ საკუთარი ჯიბიდან უმნიშვნელო თანხის გაღებაც უჭირს.
არ დაუჯერო მას, ვინც მარტო ქვის ეკლესიებს აშენებს, მაგრამ სულს გინგრევს და გინადგურებს.
არ დაუჯერო მას, ვინც ვითომ სხვისი მხილებით არის დაკავებული, სინამდვილეში უსაქმურია და ჭორაობს.
არ დაუჯერო მას, ვინც მხოლოდ სიტყვიერად არის მამაცი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სილაჩრეს ავლენს.
არ დაუჯერო მას, ვინც სხვას წესრიგისკენ მოუწოდებს, მაგრამ თავად ქაოსშია.
არ დაუჯერო მას, ვინც სისუფთავეს გიწუნებს, მაგრამ დიდი ხანია სიბინძურეში იხრჩობა.
არ დაუჯერო მზაკვარ ადამინებს!..

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია...''

,,ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია...''

,,მე-7- მე-8 კლასში ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთ მასწავლებელთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო, მან პირობა მომცა რომ ორიანს დამიწერდა და საშემოდგომოს გამომაყოლებდა, მთელი თავისი თანმდევი უსიამოვნო რიტუალებით...

კორიდორში სადაც შემხვდებოდა, მიმეორებდა:

- მუზაშვილი, ამ ორიანს არ გამოგასწორებინებ...

მან ეს პირობა შეასრულა...

ეს იყო ჩემი პირველი შეხება სიტუაციასთან, როცა რაიმე ,,ცუდს" არა მარტო გპირდებიან, არამედ გისრულებენ კიდეც და თავს ზევით ძალა არ არის...

ზაფხულის დაწყების წინ, როცა ყველას არდადეგები უხარია, მე კუდამოძებული ვბრუნდებოდი სახლში და მეგონა რომ ვირზე უკუღმა შესასმელი ვიყავი....

უმძიმესი განცდებით, ნამუსის ქენჯნით და სირცხვილის გრძნობით გადავაგორე ზაფხული...

ჩუმად ვმეცადინებობდი და ვნატრობდი ოჯახის წევრებს არაფერი გაეგოთ.

დადგა საშემოდგომოს გადაბარების დღეც...

წავედი...

შევდივარ ოთახში სადაც დირექტორი, სასწავლო ნაწილი და ეს ჩემი პატივცემული მასწავლებელი ზის და ვხედავ, რომ დედაჩემიც იქ არის ...

(დედა მაშინ სკოლებს ამოწმებდა და აღმოჩნდა, რომ საგანგებოდ და ნიშნის მოგებით დაპატიჟეს, რათა ეჩვენებინათ, რომ შვილი თავად ვერ გაზარდა და ვის რა უნდა ასწავლოს?)

მეგონა სამყარო თავზე დამემხო....

დავჯექი, თავი დავხარე და ველოდები ცა როდის ჩამოიქცევა ჩემს თავზე.

დედაჩემი წამოდგა და იკითხა:

- ამიწიეთ ხელი, ვინც თვლით, რომ ეს ბავშვი უნიჭოა?

რასაკვირველია, ხელი არავის აუწევია...

- ამიწიეთ ხელი, ვინც თვლით, რომ უზრდელია?

- ???

- მითხარით კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც იტყვის, რომ იგი არ სწავლობს?

- ???


დედამ ჩაახველა და რიხიანად გამოაცხადა:

- ორიანი და საშემოდგომო შენ გეკუთვნის ჩემო ძვირფასო -----, იმისათვის, რომ ბავშვისთვის, რომელიც ნიჭიერია და სწავლისუნარიანი, შენი საგანი სამიანზეც კი ვერ მოახერხე გესწავლებინა...

ახლაც მახსოვს, მაშინ როგორ ამოვისუნთქე....

ეს განცდა დღემდე მომყვება, და ყოველთვის, როცა ქარიშხალებთან ბრძოლით დაღლილს, სასოწარკვეთის ლანდი შემინიშნავს ჩემში, მაშინვე მახსენდება, რომ მე მარტო არ ვარ!!! ჩემი ყოველთვის სჯეროდათ...

ეს ის ჯადოსნური ჯოხია, რომელსაც წაქცეულის წამოყენება ნამდვილად შეუძლია...

p.s.

მაშინ, როცა თქვენ თქვენი შვილების გვერდზე ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება...''

ავტორი: ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

წაიკითხეთ სრულად