Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს მედიკამენტი ისეთი მოქმედებისაა, რომ პირდაპირ გულში ურტყამს ვირუსის ბიოლოგიას, მის გამრავლებას,“ - პროფესორი გიორგი გეგელაშვილი

„ეს მედიკამენტი ისეთი მოქმედებისაა, რომ პირდაპირ გულში ურტყამს ვირუსის ბიოლოგიას, მის გამრავლებას,“ - პროფესორი გიორგი გეგელაშვილი

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი გეგელაშვილმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი ანტივირუსული პრეპარატების შესახებ ისაუბრა და ფაიზერის მაღალი ეფექტიანობის პრეპარატზე მოგვაწონდა ინფორმაცია:

​ჩვენ შევდივართ ახალ აბების ერაში. დეკემბერში იქნება წინასწარი ავტორიზაცია მთელი რიგი პრეპარატებისა. ლაპარაკი აღარ არის ვაქცინებზე, ლაპარაკია პრეპარატებზე. მათ შორის არის ორი აბი და ერთი არის ინექცია, რომელსაც „ასტრაზენეკა“ აწარმოებს.“

გიორგი გეგელაშვილის თქმით, ფაიზერის ახალი მედიკამენტი ვირუსის წინააღმდეგ სპეციფიკური მოქმედებით ხასიათდება:

„ფაიზერის აბს უკვე აქვს კომერციული სახელი. მას ახლა ჰქვია „პაქსლოვიდი,“ ეს არის კომერციული სახელი. ეს არის ძალიან საინტერესო ​ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც სპეციფიკურად მოქმედებს. ეს მედიკამენტი ისეთი მოქმედებისაა, რომ პირდაპირ გულში ურტყამს ვირუსის ბიოლოგიას, მის გამრავლებას.“

„პირველ რიგში, ვიტყვი ვისთვის არის ეს პრეპარატი განსაზღვრული. ის ახლა სადაცაა მიიღებს ავტორიზაციას. ეს მედიკამენტი არის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან მაღალ რისკ-ჯგუფში. აღმოჩნდა, რომ ეს პრეპარატი 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას ასეთ პაციენტებში. 89 % საკმაოდ მაღალი შედეგია. თქვენ არ მოხვდებით საავადმყოფოში და ფატალური შედეგიც არ დადგება,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად