Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ვუშვებთ ხოლმე არის, რომ დადგი ტაფა ცეცხლზე, გატრიალდი, კარაქი აიღე, ამ დროს ტაფა გაცხელდა...“ - შეფი ლუკა ნაჭყებია

„ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ვუშვებთ ხოლმე არის, რომ დადგი ტაფა ცეცხლზე, გატრიალდი, კარაქი აიღე, ამ დროს ტაფა გაცხელდა...“ - შეფი ლუკა ნაჭყებია

შეფმა ლუკა ნაჭყებიამ სამზარეულოს ტაფების სწორად შერჩევის წესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტაფის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის სისქეზე:

„სქელ ტაფებს უნარი აქვთ, რომ თავის თავში მეტი ტემპერატურა დაიკავონ, ​მაგიტომაც არის სქელი ტაფა ხარისხიანი. ინდუქციურ ტაფებს ძირი აქვთ რკინის და გარსი აქვთ სხვა. თუჯი მიიჩნევა უნივერსალურად ყველაზე უსაფრთხო მასალად. ადრე იყო არეული პრაქტიკები შენადნობების გაკეთების, ამიტომ ვერ ვიტყვით რისგან იყო დამზადებული ჭურჭელი. კლასიკურ ღომის ქვაბზე ვერ ვიტყვით, რომ ცუდია, მაგრამ არ ვიცით, რა შეიძლება შიგნით იყოს.“

ლუკა ნაჭყებიას თქმით, შავი თუჯის ტაფა ყველაზე კარგი ტაფაა:

„შავი თუჯის ტაფა უნივერსალურად ყველაზე კარგი ტაფაა, რაც შეიძლება, რომ ადამიანს სახლში ჰქონდეს, მაგრამ რთული სამუშაოა. ​ცოდნა სჭირდება, რომ კარგად გააკეთო კერძები, იკრავს. დამატებითი სარგებელი რაც აქვს მსგავს ტაფას, არის ის, რომ ჟონავს რკინას, დანამატივით არის. რკინა, რაც ჟონავს, არის ის, რაც ჩვენ დღის განმავლობაში გვჭირდება. მაღალ ტემპერატურაზე რომ გააცხელებ, რკინა რეაქციაში შედის უჯერ ცხიმთან და მას ტრანს-ცხიმებად გარდაქმნის. თუჯის ტაფაში პროდუქტის ბევრ ზეთში შეწვა არ შეიძლება. თუჯის ტაფაში რაც შეიძლება მინიმალური ზეთი უნდა იხმარო. ახალი ტიპის ტეფლონის ზედაპირიანი ტაფები ხშირად გამოცვალეთ. როგორც კი ნაკაწრები გაჩნდება, შეცვალეთ.“

„ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ვუშვებთ ხოლმე არის, რომ დადგი ტაფა ცეცხლზე, გატრიალდი, კვერცხი და კარაქი გადმოიღე, ამ დროს ტაფა გაცხელდა. თუ ტაფა გაცხელდა და გაცხელებული ტაფის სუნი იგრძენით, ე.ი. უკვე ტოქსიკური ნივთიერებების აქროლება დაიწყო. ამ დროს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რომ გაანიავო ოთახი,“ - აღნიშნულ საკითხზე ლუკა ნაჭყებიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად