Baby Bag

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“

„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო“
„დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო. განა ცოდნა ან გადმოცემა არ უვარგოდა, უბრალოდ, დაბალი ნიშნის დაწერა არ შეეძლო. ყველას, ოროსანს, ხუთოსანს, სპორტსმენს, ძველ ბიჭს, მოცეკვავეს, რუსულში მაღალი ნიშანი ჰყავდა.
- გაგაგდებენ - ვეტყოდი ხოლმე.
- კარგი ერთი...
- მაშინ დაგიჭერენ.
- კიბატონო, მაგრამ ჯერ ისინი დაიჭირონ, ზევით - ამბობდა და თვალს მიკრავდა. მთავრობას გულისხმობდა, ცხადია.
- რუსულად “დედა” როგორაა, იცის?
- არა, მაგრამ კარგი ბავშვია. მომეშვი დათუნა.
მანანასთვის არ არსებობდა ცუდი ბავშვი. ყველა კარგი იყო, რაღაცნაირად.
დღეს ყველაზე ცუდი მასწავლებლის და ყველაზე კეთილშობილი ადამიანის დაბადების დღეა. არ მიყვარს, რომ ამბობენ ამდენი და ამდენი წლის გახდებოდაო. ვერ გახდა, ფაქტია. დედაჩემი სულ 42 წლისაა. ამდენის იყო, როცა პირველად ვკითხე და ამდენის იქნება სულ - ცივ სამარეშიც და ჩემს მეხსიერებაშიც.
ხანდახან, როცა მისი არყოფნა განსაკუთრებით აუტანელი ხდება, ვაზისუბანში მივდივარ და მისი ზარდახშის მუსიკას ვუსმენ - ეს უფრო ცუდად მხდის. სუსტი კაცი ვარ, რომ იცოდეთ.
ზოგჯერ იმ ადგილებში ვსეირნობ, ერთად რომ დავდიოდით. ამასწინათ, ბაზრობაზე მისი საყვარელი დახლის მეპატრონემ მკითხა, დედა როგორ არის, სად დაიკარგაო. კარგადაა, ვეღარ იცლის, საქმეები და რამე, ხომ ხვდებით-მეთქი. გამოვბრუნდი და გავსკდი ჯღავილით.
სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი უკანასკნელი დიალოგი. ასეთივე სიცხადით წარმოვიდგენ ჩვენს სამომავლო შეხვედრას. არ ვიცი, მე რამდენის ვიქნები, მაგრამ დედა... დედაჩემი, როგორც გითხარით, 42 წლისაა. მორცხვად გამიღიმებს, აქ სად მოსულხარ შე მაიმუნოო, მეტყვის და ბევრს მაკოცებს. მერე ამ მთისასაც მოვყვებით და იმ ბარისასაც.
დაბადების დღეს გილოცავ ყველაზე მაგარო გოგო.
დღეს გინახულებ.“

წყარო: ტელეწამყვან და ბლოგერ დათო გორგილაძის ​ფეისბუქი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ იცრები? 8 დეკემბრიდან კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადო,“ - გიორგი ფხაკაძე სინგაპურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

„არ იცრები? 8 დეკემბრიდან კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადო,“ - გიორგი ფხაკაძე სინგაპურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სინგაპურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სინგაპურში 8 დეკემბრიდან აუცრელები კოვიდის სამკურნალო თანხებს თავად გადაიხდიან:

„სინგაპურმა რა გადაწყვეტილება მიიღო? არ იცრები? 8 დეკემბრიდან კოვიდთან დაკავშირებული ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადო. რვა დეკემბრამდე ინებე, წადი და აიცერი. უფასოდ გცრი, უფასოდ გეხმარები. შენ თუ ამბობ, რომ მე არ მინდა, არ გინდა? გახდები ავად, გადაიხადე ფული.“

გიორგი ფხაკაძის თქმით, ის სინგაპურის შესახებ სტატიის დადების გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს:

​როდესაც ეს სტატია დავდე, გამაკრიტიკეს, შენ რას იძახიო?! შენ რომ არ იცრები, თურმე შენი უფლებებია და რომ არ გიმკურნალონ, თურმე შენი უფლებები ირღვევა. ლოგიკა სად არის?! არავაქცინირებულმა უნდა იაროს, გაავრცელოს ვირუსი, მერე თვითონ გახდება ავად და მისი მკურნალობა სახელმწიფოს 20 000 ლარი დაუჯდება.“

„პრაქტიკულად და ფინანსურად ​ერთი არავაქცინირებული ადამიანი 100-150 ათასი ლარი უჯდება სახელმწიფოს. რატომ? იმიტომ, რომ „მე ასე მინდა.“ არამარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში არიან ასეთი დეგენრატები. არ გეწყინოთ, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ ვნახულობ. „მე, მე, მე“ - გაიძახიან და მერე გვიშველეთ, ექიმები არ გვმკურნალობენო. რა გინდა საავადმყოფოში? აიცერი და არ მოხვდები იქ,“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად