Baby Bag

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიცია, რომელსაც იღბალი მოაქვს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიცია, რომელსაც იღბალი მოაქვს
2019 წელი უკანასკნელ დღეებს ითვლის და ყველანი ახალი წლის მოლოდინში ვართ. 2020 წლის დადგომას შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით შეხვდეთ. ადამიანების ნაწილს საახალწლო განწყობის შექმნაში ხმაურიან წვეულებაზე წასვლა ეხმარება, ზოგიერთს კი ოჯახურ გარემოში საღამოს მშვიდად გატარება უფრო იზიდავს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გსიამოვნებთ ახალ წელთან შეხვედრა. მთავარია, გახსოვდეთ, რომ განწყობა, რომელიც პირველ იანვარს გექნებათ მომდევნო თვეების მანძილზეც გაგყვებათ. ამიტომ, ეცადეთ 2020 წელს ხალისიანად და ენერგიულად ​შეხვდეთ.

ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლებს მტკიცედ სწამთ, რომ თქვენი იღბალი, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას აკეთებთ და როგორ განწყობაზე ხართ ღამის 12 საათზე, როდესაც ახალი წელი შემობრძანდება. ჩვენს სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიციას გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ადამიანები თავიანთი ცხოვრებიდან ბოროტ სულებს განდევნიან და იღბალს იზიდავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი წელი ბარაქიანი და წარმატების მომტანი იქნება. საახალწლო რიტუალებს ადამიანები სიყვარულის პოვნის იმედითაც ატარებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ცრურწმენების გჯერათ თუ არა, იმედი ვიქონიოთ, რომ 2020 წელი ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.

ყურადღებით გაეცანით სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების საახალწლო რიტუალებს. შესაძლოა, რომელიმემ ისე მოგხიბლოთ, რომ მისი ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად გექცეთ.

• ყურძნის 12 მარცვლის მირთმევა

'ესპანეთში ახალი წლის დადგომას საკმაოდ უცნაური ტრადიციით ხვდებიან. ღამის 12 საათზე ადამიანები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ. თითოეული მარცვალი მომავალი წლის ერთ თვეს აღნიშნავს. ადამიანები იმედოვნებენ, რომ მათთვის ყოველი თვე სიხარულის და იღბლის მომტანი აღმოჩნდება. თუ რიტუალები გიზიდავთ, სცადეთ ესპანელებს მიბაძოთ. ყურძნის მირთმევით იღბალს თუ ვერ მოიზიდავთ, ახალ წელს ჯანსაღი პროდუქტის მირთმევით მაინც დაიწყებთ.

• საყვარელი ადამიანის კოცნა

შესაძლოა, აღნიშნული ტრადიციის შესახებ აქამდეც გსმენიათ. როდესაც 12 საათი დადგება, იმ ადამიანს უნდა აკოცოთ, რომელიც გიყვართ. აღნიშნული რიტუალი გერმანული და ბრიტანული ფოლკლორიდან იღებს სათავეს. გერმანელი და ბრიტანელი ხალხის რწმენით, ადამიანი, რომელსაც 12 საათზე შეეხებით, მომდევნო წლის ხასიათს მთლიანად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმ ადამიანს უნდა აკოცოთ, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ.

• სკამიდან ჩამოხტომა

დანიელ ხალხს მტკიცედ სწამს, რომ თუ შუაღამის 12 საათზე სკამზე ახვალთ და შემდეგ ძირს ჩამოხტებით, ახალი წელი იღბლის და წარმატების მომტანი იქნება. სკამიდან შესრულებული ნახტომი ბოროტ ძალებს აფრთხობს და ადამიანი ახალ დროში გადაყავს. თუ აღნიშნული ტრადიციის მიმდევარი გახდებით, ეცადეთ, ნახტომი ფრთხილად შეასრულოთ, რათა სერიოზული დაზიანებები არ მიიღოთ.

• ბარდის, ღორის ხორცისა და ბრინჯის კერძის დაგემოვნება

ამერიკელების ნაწილი 12 საათზე აუცილებლად მიირთმევს ბარდით, ღორის ხორცითა და ბრინჯით მომზადებულ საახალწლო კერძს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული კერძის წყალობით მომდევნო წლის მანძილზე სიმშვიდე არ მოაკლდებათ და იღბალიც გაანებივრებთ. თუ რომელიმე ზემოთ დასახელებული ინგრედიენტი არ მოგწონთ, შეგიძლიათ, კერძი თქვენი გემოვნებით შეცვალოთ.

• ცარიელი ჩემოდნებით სეირნობა

კოლუმბიაში ადამიანები ხელში ცარიელ ჩემოდანს იმარჯვებენ და ღამით სასეირნოდ მიდიან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული რიტუალის წყალობით მომავალი წელი საინტერესო თავგადასავლებითა და მოგზაურობებით იქნება სავსე.

• პიტნის გოჭის ნაკეთობის გატეხვა

ნიუ-იორკში პიტნისგან დამზადებული გოჭის ნაკეთობის შეძენა შეგიძლიათ, რომელიც დღესასწაულების სეზონზე ყველა მაღაზიაში იყიდება. ადამიანები პიტნის გოჭს მცირე ზომის ჩაქუჩით ტეხავენ და ნაკეთობის მომცრო ნაჭერს მიირთმევენ. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტრადიცია იღბლისა და წარმატების მომტანია.

• კარისა და ფანჯრების გაღება

ძველი წლის გასაცილებლად და ახლის გულთბილად დასახვედრად ფილიპინების მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიცია აქვს. ისინი სახლის კარს და ფანჯრებს აღებენ, რათა სახლიდან ნეგატიური ენერგია განდევნონ და პოზიტიურს ოჯახში შემოსვლის საშუალება მისცენ.

• ყვითელი, წითელი, თეთრი და მწვანე საცვლების ტარება

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ადამიანებს სჯერათ, რომ გარკვეული ფერის საცვლების ტარებას მათთვის იღბლის მოტანა შეუძლია. ყვითელი და მწვანე საცვლები დოვლათის მომტანია, წითელი სიყვარულს გაპოვნინებთ, ხოლო თეთრი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

• თეთრი ტანსაცმლის ჩაცმა

ბრაზილიაში ადამიანები ახალ წელს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილები ხვდებიან. ისინი ღამის 12 საათზე სანაპიროსთან მიდიან, რათა ოკეანის ტალღებს გაეთამაშონ. თითოეულ ტალღასთან შეჯახებისას ადამიანები ერთ სურვილს იფიქრებენ. თეთრი ტანსაცმელი მათ იღბლისა და სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარებათ.

• ფანჯრიდან წყლის გადასხმა

პუერტო-რიკოში ადამიანებს სწამთ, რომ ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან წყლის გადასხმა სახლიდან ბოროტ სულებს განდევნის. მართალია, აღნიშნული ტრადიცია მათი ფანჯრების ქვეშ მოსეირნე ადამიანებისთვის იღბლის მომტანად ვერ ჩაითვლება, მაგრამ თავად ტრადიციის მიმდევართათვის ის ბედნიერების და სიკეთის მომტანი რიტუალია. პუერტო-რიკოში ადამიანების ნაწილი სახლში შაქარსაც აბნევს, რათა კეთილი სულები მიიზიდოს.

• დაფერფლილი სურვილები შამპანიურის ჭიქაში

რუსეთში ადამიანები თავიანთ სურვილებს ფურცელზე წერენ, შემდეგ აღნიშნულ ფურცელს წვავენ, ფერფლს კი შამპანიურით სავსე ჭიქაში ყრიან. შუაღამემდე ისინი შამპანიურს სვამენ და იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მათი ყველა სურვილი ასრულდება.

• სურვილების შენახვა ქილაში

ამერიკაში ადამიანები სურვილებს ფურცელზე წერენ, შემდეგ კი სპეციალურ ქილაში ინახავენ. მომდევნო წელს ისინი შენახულ სურვილებს ხელახლა კითხულობენ და ამოწმებენ, რამდენად მოახერხეს დასახული მიზნების მიღწევა. 

მომზადებულია goodhousekeeping.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში

პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში
პიროტექნიკის გამოყენების შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზაობთ მის პოსტს:
„ახლოვდება პიროტექნიკის აქტიური გამოყენების დრო. ეს თემა, ცხადია, ინფექციონისტის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს და ექიმს, ყოველწლიურად ძალიან მაწუხებს საკითხი პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე.
- პირველ რიგში, პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ ალბათ არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით, მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ.
- პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძის და სხვა მავნე მეტალების მიმართ ექსპოზირება, რასაც შეიძლება ჯანმრთელობაზე შორეული მძიმე შედეგები ჰქონდეს.

​- ხშირად სწორედ ბავშვებს და მოხუცებს ასეთი ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ.

​- აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა ადამიანის ფილტვის ქსოვილზე პიროტექნიკის მავნე ზემოქმედება. ასევე შეისწავლიდნენ თაგვებში სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე გავლენას, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ზემოქმედება.

​- აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებლობის დღეს და ახალ წელს ტოქსიური მეტალების შემცველობა ყველაზე მაღალია წლის სხვა დღეებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში პიროტექნიკის გამოყენების მასშტაბი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არავითარი კონტროლი გამოყენებაზე და პიროტექნიკის ხარისხზე არ არსებობს, გასაგები გახდება, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია.

​- გასათვალისწინებელია ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე პიროტექნიკის გავლენაც, თუმცა აქ ამ გლობალურ საკითხებზე ადამიანები ნაკლებად ღელავენ ხოლმე.

​- ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკებიც.

​- აქვე უნდა ითქვას პიროტექნიკის გამანადგურებელ როლზე ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები (და არა მხოლოდ. ვისაც შინაური ცხოველები გვყავს, ვხედავთ, რა მძიმე დღეში არიან ახალი წლის ღამეს)“, - წერს მაია ბუწაშვილი.
წაიკითხეთ სრულად