Baby Bag

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიცია, რომელსაც იღბალი მოაქვს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიცია, რომელსაც იღბალი მოაქვს
2019 წელი უკანასკნელ დღეებს ითვლის და ყველანი ახალი წლის მოლოდინში ვართ. 2020 წლის დადგომას შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით შეხვდეთ. ადამიანების ნაწილს საახალწლო განწყობის შექმნაში ხმაურიან წვეულებაზე წასვლა ეხმარება, ზოგიერთს კი ოჯახურ გარემოში საღამოს მშვიდად გატარება უფრო იზიდავს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გსიამოვნებთ ახალ წელთან შეხვედრა. მთავარია, გახსოვდეთ, რომ განწყობა, რომელიც პირველ იანვარს გექნებათ მომდევნო თვეების მანძილზეც გაგყვებათ. ამიტომ, ეცადეთ 2020 წელს ხალისიანად და ენერგიულად ​შეხვდეთ.

ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლებს მტკიცედ სწამთ, რომ თქვენი იღბალი, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას აკეთებთ და როგორ განწყობაზე ხართ ღამის 12 საათზე, როდესაც ახალი წელი შემობრძანდება. ჩვენს სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიციას გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ადამიანები თავიანთი ცხოვრებიდან ბოროტ სულებს განდევნიან და იღბალს იზიდავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი წელი ბარაქიანი და წარმატების მომტანი იქნება. საახალწლო რიტუალებს ადამიანები სიყვარულის პოვნის იმედითაც ატარებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ცრურწმენების გჯერათ თუ არა, იმედი ვიქონიოთ, რომ 2020 წელი ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.

ყურადღებით გაეცანით სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების საახალწლო რიტუალებს. შესაძლოა, რომელიმემ ისე მოგხიბლოთ, რომ მისი ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად გექცეთ.

• ყურძნის 12 მარცვლის მირთმევა

'ესპანეთში ახალი წლის დადგომას საკმაოდ უცნაური ტრადიციით ხვდებიან. ღამის 12 საათზე ადამიანები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ. თითოეული მარცვალი მომავალი წლის ერთ თვეს აღნიშნავს. ადამიანები იმედოვნებენ, რომ მათთვის ყოველი თვე სიხარულის და იღბლის მომტანი აღმოჩნდება. თუ რიტუალები გიზიდავთ, სცადეთ ესპანელებს მიბაძოთ. ყურძნის მირთმევით იღბალს თუ ვერ მოიზიდავთ, ახალ წელს ჯანსაღი პროდუქტის მირთმევით მაინც დაიწყებთ.

• საყვარელი ადამიანის კოცნა

შესაძლოა, აღნიშნული ტრადიციის შესახებ აქამდეც გსმენიათ. როდესაც 12 საათი დადგება, იმ ადამიანს უნდა აკოცოთ, რომელიც გიყვართ. აღნიშნული რიტუალი გერმანული და ბრიტანული ფოლკლორიდან იღებს სათავეს. გერმანელი და ბრიტანელი ხალხის რწმენით, ადამიანი, რომელსაც 12 საათზე შეეხებით, მომდევნო წლის ხასიათს მთლიანად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმ ადამიანს უნდა აკოცოთ, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ.

• სკამიდან ჩამოხტომა

დანიელ ხალხს მტკიცედ სწამს, რომ თუ შუაღამის 12 საათზე სკამზე ახვალთ და შემდეგ ძირს ჩამოხტებით, ახალი წელი იღბლის და წარმატების მომტანი იქნება. სკამიდან შესრულებული ნახტომი ბოროტ ძალებს აფრთხობს და ადამიანი ახალ დროში გადაყავს. თუ აღნიშნული ტრადიციის მიმდევარი გახდებით, ეცადეთ, ნახტომი ფრთხილად შეასრულოთ, რათა სერიოზული დაზიანებები არ მიიღოთ.

• ბარდის, ღორის ხორცისა და ბრინჯის კერძის დაგემოვნება

ამერიკელების ნაწილი 12 საათზე აუცილებლად მიირთმევს ბარდით, ღორის ხორცითა და ბრინჯით მომზადებულ საახალწლო კერძს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული კერძის წყალობით მომდევნო წლის მანძილზე სიმშვიდე არ მოაკლდებათ და იღბალიც გაანებივრებთ. თუ რომელიმე ზემოთ დასახელებული ინგრედიენტი არ მოგწონთ, შეგიძლიათ, კერძი თქვენი გემოვნებით შეცვალოთ.

• ცარიელი ჩემოდნებით სეირნობა

კოლუმბიაში ადამიანები ხელში ცარიელ ჩემოდანს იმარჯვებენ და ღამით სასეირნოდ მიდიან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული რიტუალის წყალობით მომავალი წელი საინტერესო თავგადასავლებითა და მოგზაურობებით იქნება სავსე.

• პიტნის გოჭის ნაკეთობის გატეხვა

ნიუ-იორკში პიტნისგან დამზადებული გოჭის ნაკეთობის შეძენა შეგიძლიათ, რომელიც დღესასწაულების სეზონზე ყველა მაღაზიაში იყიდება. ადამიანები პიტნის გოჭს მცირე ზომის ჩაქუჩით ტეხავენ და ნაკეთობის მომცრო ნაჭერს მიირთმევენ. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტრადიცია იღბლისა და წარმატების მომტანია.

• კარისა და ფანჯრების გაღება

ძველი წლის გასაცილებლად და ახლის გულთბილად დასახვედრად ფილიპინების მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიცია აქვს. ისინი სახლის კარს და ფანჯრებს აღებენ, რათა სახლიდან ნეგატიური ენერგია განდევნონ და პოზიტიურს ოჯახში შემოსვლის საშუალება მისცენ.

• ყვითელი, წითელი, თეთრი და მწვანე საცვლების ტარება

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ადამიანებს სჯერათ, რომ გარკვეული ფერის საცვლების ტარებას მათთვის იღბლის მოტანა შეუძლია. ყვითელი და მწვანე საცვლები დოვლათის მომტანია, წითელი სიყვარულს გაპოვნინებთ, ხოლო თეთრი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

• თეთრი ტანსაცმლის ჩაცმა

ბრაზილიაში ადამიანები ახალ წელს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილები ხვდებიან. ისინი ღამის 12 საათზე სანაპიროსთან მიდიან, რათა ოკეანის ტალღებს გაეთამაშონ. თითოეულ ტალღასთან შეჯახებისას ადამიანები ერთ სურვილს იფიქრებენ. თეთრი ტანსაცმელი მათ იღბლისა და სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარებათ.

• ფანჯრიდან წყლის გადასხმა

პუერტო-რიკოში ადამიანებს სწამთ, რომ ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან წყლის გადასხმა სახლიდან ბოროტ სულებს განდევნის. მართალია, აღნიშნული ტრადიცია მათი ფანჯრების ქვეშ მოსეირნე ადამიანებისთვის იღბლის მომტანად ვერ ჩაითვლება, მაგრამ თავად ტრადიციის მიმდევართათვის ის ბედნიერების და სიკეთის მომტანი რიტუალია. პუერტო-რიკოში ადამიანების ნაწილი სახლში შაქარსაც აბნევს, რათა კეთილი სულები მიიზიდოს.

• დაფერფლილი სურვილები შამპანიურის ჭიქაში

რუსეთში ადამიანები თავიანთ სურვილებს ფურცელზე წერენ, შემდეგ აღნიშნულ ფურცელს წვავენ, ფერფლს კი შამპანიურით სავსე ჭიქაში ყრიან. შუაღამემდე ისინი შამპანიურს სვამენ და იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მათი ყველა სურვილი ასრულდება.

• სურვილების შენახვა ქილაში

ამერიკაში ადამიანები სურვილებს ფურცელზე წერენ, შემდეგ კი სპეციალურ ქილაში ინახავენ. მომდევნო წელს ისინი შენახულ სურვილებს ხელახლა კითხულობენ და ამოწმებენ, რამდენად მოახერხეს დასახული მიზნების მიღწევა. 

მომზადებულია goodhousekeeping.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

15 საუკეთესო საახალწლო ტრადიცია რომანტიკული წყვილებისთვის

15 საუკეთესო საახალწლო ტრადიცია რომანტიკული წყვილებისთვის

ახალ წელს საყვარელ ადამიანთან ერთად თუ ატარებთ და რომანტიკული განწყობის შექმნა გჭირდებათ, ჩვენს სტატიას ყურადღებით გაეცანით. დღესასწაული დაუვიწყარი რომ გახდეს, საინტერესო, ორიგინალური და პოზიტიური იდეები გჭირდებათ, რომელთაგან თქვენთვის ყველაზე მოსაწონს შეარჩევთ. შესაძლოა, თქვენ ღამის 12 საათზე რომანტიკული კოცნის იდეით მოიხიბლოთ ან თეფშების დამსხვრევის არაორდინალურმა ტრადიციამ მიგიზიდოთ. ყველაფერი თქვენს პირად არჩევანსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

1. რომანტიკული კოცნა ღამის 12 საათზე

აღნიშნული ტრადიცია საკმაოდ ძველია, თუმცა ის აქტუალობას თანამედროვე წყვილებშიც არ კარგავს. შეყვარებული ადამიანები 12 საათს რომანტიკულად იშვიათად ხვდებიან. არ აქვს მნიშვნელობა რა საქმით ხართ დაკავებული ახალი წლის დადგომისას, დაივიწყეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ და საყვარელ ადამიანს რომანტიკული კოცნა აჩუქეთ. აღნიშნული ტრადიციის მიმდევრებს ღრმად სწამთ, რომ თუ 12 საათს რომანტიკული კოცნით შეხვდებით, მთელი წელი სიყვარულით სავსე გექნებათ, თქვენი გრძნობა კი უფრო და უფრო გაძლიერდება. არ აქვს მნიშვნელობა, ცრურწმენების გჯერათ თუ არა. 12 საათის დადგომისას თქვენი პარტნიორი მოიტაცეთ და დაუვიწყარი კოცნით მოაჯადოვეთ.

​2. ​ცეკვა ტრადიციული საახალწლო სიმღერის თანხლებით

შოტლანდიელი პოეტის რობერტ ბერნსის ლექსის „Auld Lang Syne“-ს ტექსტზე დაწერილ საახალწლო სიმღერას ღამის 12 საათზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად ასრულებენ. აღნიშნული ტრადიციული სიმღერის ფონზე საყვარელ ადამიანთან ერთად იცეკვეთ, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე რომანტიკული კოცნის შემდეგ უნდა მოხდეს.

​3. უცნობი კერძის დაგემოვნება
სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვართ, ახალ წელს ექსპერიმენტი მოაწყვეთ. ეცადეთ, ისეთი კერძი მოამზადოთ, რომელიც აქამდე არასდროს გაგისინჯავთ. თქვენთვის ყველაზე მომხიბლავი სამზარეულო შეარჩიეთ, მაგ. ინდური და საყვარელ ადამიანთან ერთად იმზარეულეთ. აღნიშნული ტრადიციის მთავარი ხიბლი არა ახალი გემოების აღმოჩენაში, არამედ ერთობლივ ფუსფუსსა და თანადგომაშია. კრეატიულობა გამოიყენეთ და ეცადეთ, ისეთი კერძი მოამზადოთ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით, თუმცა გამბედაობა არ გყოფნიდათ, რომ მოგემზადებინათ. თუ თქვენს პარტნიორთან ერთად მომზადებული კერძი მოგეწონებათ, ტრადიცია მთელი წლის მანძილზე შეინარჩუნეთ.
4. ყუთში შენახული მოგონებები
ალბათ, გსმენიათ, რომ ზოგიერთი წყვილი საუკეთესო მოგონებებთან დაკავშირებულ ნივთებს, აქსესუარებსა და ჩანაწერებს ყუთში ათავსებს, შემდეგ კი მიწაში მარხავს. მომდევნო წელს ძველ ყუთს მიწიდან იღებენ, მის ნაცვლად კი ახალს მარხავენ. ძველი ყუთის დათვალიერება სასიამოვნო მოვლენების გახსენებაში დაგეხმარებათ. თუ რომანტიკული ადამიანი ხართ, აღნიშნული ტრადიციით ნამდვილად მოიხიბლებით. ღამის 12 საათზე საყვარელ ადამიანთან ერთად საუკეთესო მოგონებებით დახუნძლული ყუთი მიწაში ჩამარხეთ, მომდევნო წელს კი ამოთხარეთ და დაათვალიერეთ. აღნიშნული რიტუალი შეგიძლიათ, ყოველწლიურად შეასრულოთ.
5. შეხვდით ახალ წელს საყვარელ რესტორანში
იმის ნაცვლად, რომ ახალ წელს მეგობრებთან ერთად ხმაურიან წვეულებაზე შეხვდეთ, რესტორანში მაგიდა დაჯავშნეთ. უმჯობესია, თუ დღესასწაულს მხოლოდ საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარებთ. რომანტიკული თავგადასავლის მოწყობა თქვენს სადღესასწაულო განწყობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ახალი წელი არასდროს დაგავიწყდებათ.
6. უნიკალური ღვინო
ახალ წელს საყვარელ ადამიანთან ერთად ისეთი ღვინო ან შამპანური უნდა მიირთვათ, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა ექნება. ეცადეთ, ისეთი ალკოჰოლური სასმელი შეიძინოთ, რომელიც თქვენი ქორწინების წელს არის ჩამოსხმული ან იმ მხარეშია დამზადებული, რომელთანაც ორივეს რომანტიკული მოგონებები გაკავშირებთ.
7. ხანმოკლე საახალწლო შვებულება
წყვილებს ყველაზე მეტად მოგზაურობა და ახალი საინტერესო ადგილების აღმოჩენა ხიბლავთ. თუ ახალი წლის სასიამოვნოდ გატარება გსურთ, ხანმოკლე შვებულების მოწყობა იდეალური გადაწყვეტილებაა. აუცილებელი სულაც არ არის, რომ მოგზაურობაში დიდი თანხები დახარჯოთ. თუ მატერიალური მდგომარეობა ხანგრძლივი ერთობლივი შვებულების გატარების საშუალებას არ გაძლევთ, ქალაქიდან ერთი ღამით გაიპარეთ. ახლომდებარე კურორტზე სასტუმროს ნომერი ან აპარტამენტი დაიქირავეთ. თუ საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ, ერთი კვირით სადმე გაემგზავროთ და შვებულება სასიამოვნოდ გაატაროთ. აღნიშნული ტრადიცია რომანტიკულ წყვილებს ყველაზე მეტად ხიბლავთ.
8. ყურძნის მარცვლების მირთმევა
ესპანეთში ღამის 12 საათზე ყურძნის თორმეტ მარცვალს მიირთმევენ, რათა მომავალი წლის თითოეული თვე იღბლიანი და ბედნიერების მომტანი აღმოჩნდეს. თუ ბუხარი გაქვთ, ცეცხლი დაანთეთ, ღვინო მოიმარაგეთ, ყველი და ყურძნის მარცვლები ლანგარზე დააწყვეთ და გემრიელად მიირთვით.
9. ყინულზე ციგურაობა
ყინულზე ერთად ციგურაობა წყვილებს ძალიან უყვართ. ახალი წლის ღამეს საციგურაოდ წადით. როდესაც მხიარულება დასრულდება, ცხელი შოკოლადი დალიეთ და მომავლის გეგმებზე ისაუბრეთ. შესაძლოა, გამოცდილი მოციგურავე არ ხართ და ყინულზე ფეხიც დაგიცდეთ, მაგრამ ნურაფრის შეგეშინდებათ, საყვარელი ადამიანი დაცემისგან დაგიცავთ.
10. თეფშების დამტვრევა
მხიარულება და სიცილი ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. დანიელ ხალხს მიბაძეთ და მათი საახალწლო ტრადიცია ერთი ღამით მოიპარეთ. 12 საათის დადგომისთანავე ხელში თეფშები მოიმარჯვეთ და ერთად დაამსხვრიეთ. აღნიშნული ტრადიციის მიმდევრებს სწამთ, რომ მომავალი წელი მათთვის ძალიან იღბლიანი იქნება.
11. პირველი პაემანი
ახალ წელს თქვენი პირველი პაემანი ზედმიწევნით გაამეორეთ. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ახალი წლის ღამეს მუხლები ძველებურად აგიკანკალდებათ და მუცელში პეპლების ფარფატსაც იგრძნობთ.
12. ერთობლივი მიზნების დასახვა
ახალ წელს ახალი მიზნებით უნდა შეხვდეთ. თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად მომავლის გეგმები დასახეთ. ერთმანეთს თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვით. ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა იგრძნოთ, რომ ერთი გუნდი ხართ და ყველა მიზნისთვის ერთობლივად იბრძვით.
13. ფილმის ყურება
საყვარელ ადამიანთან ერთად საახალწლო ფილმებს ჩაუჯექით. ორივე სადღესასწაულო პიჟამაში გამოეწყვეთ და სასიამოვნო ფილმების ყურებით დატკბით. შეგიძლიათ რომატიკულ კომედიებს მიანიჭოთ უპირატესობა, მაგ. „ბრიჯიტ ჯონსის დღიურებს.“
14. ერთობლივი ქველმოქმედება
ახალ წელს საყვარელ ადამიანთან ერთად ამაღლებულ განწყობაზე უნდა შეხვდეთ. თქვენ მარტო არ ხართ, გვერდით გყავთ ადამიანი, რომელიც გიყვართ და რომელსაც უყვარხართ. ბედნიერებისთვის ყველა მიზეზი გაქვთ, თუმცა მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე ზრუნვა საკმარისი არ არის. ძველი წლის უკანასკნელ დღეს ან ახალი წლის პირველ დღეს აუცილებლად გამონახეთ დრო ქველმოქმედებისთვის. პარტნიორთან ერთად იმ ადამიანებს დაეხმარეთ, რომლებსაც ბედნიერებისთვის ძალიან ბევრი რამ აკლიათ.
15. შინაური ცხოველის შეფარება
ახალ წელს ისეთი შინაური ცხოველი შეიფარეთ, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. ცხოველთა თავშესაფარში მიდით და რომელიმე უპატრონო ძაღლს ან კატას დაეხმარეთ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხზე თქვენს საყვარელ ადამიანს წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ. მსგავსი გადაწყვეტილების იმპულსურად მიღება სწორი არ არის. ორივე უნდა აცნობიერებდეთ, რომ შინაურ ცხოველს მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. თუ ცხოველები ორივეს გიყვართ და მათზე ზრუნვისთვის მზად ხართ, ახალი წლისთვის ერთმანეთს რომანტიკული საჩუქარი გაუკეთეთ და რომელიმე ცხოველი შეიფარეთ. ოჯახის ახალი წევრი ორივეს გაგაბედნიერებთ. 

მომზადებულია ​brides.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად