Baby Bag

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიცია, რომელსაც იღბალი მოაქვს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიცია, რომელსაც იღბალი მოაქვს
2019 წელი უკანასკნელ დღეებს ითვლის და ყველანი ახალი წლის მოლოდინში ვართ. 2020 წლის დადგომას შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით შეხვდეთ. ადამიანების ნაწილს საახალწლო განწყობის შექმნაში ხმაურიან წვეულებაზე წასვლა ეხმარება, ზოგიერთს კი ოჯახურ გარემოში საღამოს მშვიდად გატარება უფრო იზიდავს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გსიამოვნებთ ახალ წელთან შეხვედრა. მთავარია, გახსოვდეთ, რომ განწყობა, რომელიც პირველ იანვარს გექნებათ მომდევნო თვეების მანძილზეც გაგყვებათ. ამიტომ, ეცადეთ 2020 წელს ხალისიანად და ენერგიულად ​შეხვდეთ.

ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლებს მტკიცედ სწამთ, რომ თქვენი იღბალი, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას აკეთებთ და როგორ განწყობაზე ხართ ღამის 12 საათზე, როდესაც ახალი წელი შემობრძანდება. ჩვენს სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 12 საახალწლო ტრადიციას გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ადამიანები თავიანთი ცხოვრებიდან ბოროტ სულებს განდევნიან და იღბალს იზიდავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი წელი ბარაქიანი და წარმატების მომტანი იქნება. საახალწლო რიტუალებს ადამიანები სიყვარულის პოვნის იმედითაც ატარებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ცრურწმენების გჯერათ თუ არა, იმედი ვიქონიოთ, რომ 2020 წელი ოცნებების ასრულებაში დაგეხმარებათ.

ყურადღებით გაეცანით სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების საახალწლო რიტუალებს. შესაძლოა, რომელიმემ ისე მოგხიბლოთ, რომ მისი ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად გექცეთ.

• ყურძნის 12 მარცვლის მირთმევა

'ესპანეთში ახალი წლის დადგომას საკმაოდ უცნაური ტრადიციით ხვდებიან. ღამის 12 საათზე ადამიანები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ. თითოეული მარცვალი მომავალი წლის ერთ თვეს აღნიშნავს. ადამიანები იმედოვნებენ, რომ მათთვის ყოველი თვე სიხარულის და იღბლის მომტანი აღმოჩნდება. თუ რიტუალები გიზიდავთ, სცადეთ ესპანელებს მიბაძოთ. ყურძნის მირთმევით იღბალს თუ ვერ მოიზიდავთ, ახალ წელს ჯანსაღი პროდუქტის მირთმევით მაინც დაიწყებთ.

• საყვარელი ადამიანის კოცნა

შესაძლოა, აღნიშნული ტრადიციის შესახებ აქამდეც გსმენიათ. როდესაც 12 საათი დადგება, იმ ადამიანს უნდა აკოცოთ, რომელიც გიყვართ. აღნიშნული რიტუალი გერმანული და ბრიტანული ფოლკლორიდან იღებს სათავეს. გერმანელი და ბრიტანელი ხალხის რწმენით, ადამიანი, რომელსაც 12 საათზე შეეხებით, მომდევნო წლის ხასიათს მთლიანად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმ ადამიანს უნდა აკოცოთ, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ.

• სკამიდან ჩამოხტომა

დანიელ ხალხს მტკიცედ სწამს, რომ თუ შუაღამის 12 საათზე სკამზე ახვალთ და შემდეგ ძირს ჩამოხტებით, ახალი წელი იღბლის და წარმატების მომტანი იქნება. სკამიდან შესრულებული ნახტომი ბოროტ ძალებს აფრთხობს და ადამიანი ახალ დროში გადაყავს. თუ აღნიშნული ტრადიციის მიმდევარი გახდებით, ეცადეთ, ნახტომი ფრთხილად შეასრულოთ, რათა სერიოზული დაზიანებები არ მიიღოთ.

• ბარდის, ღორის ხორცისა და ბრინჯის კერძის დაგემოვნება

ამერიკელების ნაწილი 12 საათზე აუცილებლად მიირთმევს ბარდით, ღორის ხორცითა და ბრინჯით მომზადებულ საახალწლო კერძს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული კერძის წყალობით მომდევნო წლის მანძილზე სიმშვიდე არ მოაკლდებათ და იღბალიც გაანებივრებთ. თუ რომელიმე ზემოთ დასახელებული ინგრედიენტი არ მოგწონთ, შეგიძლიათ, კერძი თქვენი გემოვნებით შეცვალოთ.

• ცარიელი ჩემოდნებით სეირნობა

კოლუმბიაში ადამიანები ხელში ცარიელ ჩემოდანს იმარჯვებენ და ღამით სასეირნოდ მიდიან. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული რიტუალის წყალობით მომავალი წელი საინტერესო თავგადასავლებითა და მოგზაურობებით იქნება სავსე.

• პიტნის გოჭის ნაკეთობის გატეხვა

ნიუ-იორკში პიტნისგან დამზადებული გოჭის ნაკეთობის შეძენა შეგიძლიათ, რომელიც დღესასწაულების სეზონზე ყველა მაღაზიაში იყიდება. ადამიანები პიტნის გოჭს მცირე ზომის ჩაქუჩით ტეხავენ და ნაკეთობის მომცრო ნაჭერს მიირთმევენ. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული ტრადიცია იღბლისა და წარმატების მომტანია.

• კარისა და ფანჯრების გაღება

ძველი წლის გასაცილებლად და ახლის გულთბილად დასახვედრად ფილიპინების მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიცია აქვს. ისინი სახლის კარს და ფანჯრებს აღებენ, რათა სახლიდან ნეგატიური ენერგია განდევნონ და პოზიტიურს ოჯახში შემოსვლის საშუალება მისცენ.

• ყვითელი, წითელი, თეთრი და მწვანე საცვლების ტარება

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ადამიანებს სჯერათ, რომ გარკვეული ფერის საცვლების ტარებას მათთვის იღბლის მოტანა შეუძლია. ყვითელი და მწვანე საცვლები დოვლათის მომტანია, წითელი სიყვარულს გაპოვნინებთ, ხოლო თეთრი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

• თეთრი ტანსაცმლის ჩაცმა

ბრაზილიაში ადამიანები ახალ წელს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილები ხვდებიან. ისინი ღამის 12 საათზე სანაპიროსთან მიდიან, რათა ოკეანის ტალღებს გაეთამაშონ. თითოეულ ტალღასთან შეჯახებისას ადამიანები ერთ სურვილს იფიქრებენ. თეთრი ტანსაცმელი მათ იღბლისა და სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარებათ.

• ფანჯრიდან წყლის გადასხმა

პუერტო-რიკოში ადამიანებს სწამთ, რომ ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან წყლის გადასხმა სახლიდან ბოროტ სულებს განდევნის. მართალია, აღნიშნული ტრადიცია მათი ფანჯრების ქვეშ მოსეირნე ადამიანებისთვის იღბლის მომტანად ვერ ჩაითვლება, მაგრამ თავად ტრადიციის მიმდევართათვის ის ბედნიერების და სიკეთის მომტანი რიტუალია. პუერტო-რიკოში ადამიანების ნაწილი სახლში შაქარსაც აბნევს, რათა კეთილი სულები მიიზიდოს.

• დაფერფლილი სურვილები შამპანიურის ჭიქაში

რუსეთში ადამიანები თავიანთ სურვილებს ფურცელზე წერენ, შემდეგ აღნიშნულ ფურცელს წვავენ, ფერფლს კი შამპანიურით სავსე ჭიქაში ყრიან. შუაღამემდე ისინი შამპანიურს სვამენ და იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მათი ყველა სურვილი ასრულდება.

• სურვილების შენახვა ქილაში

ამერიკაში ადამიანები სურვილებს ფურცელზე წერენ, შემდეგ კი სპეციალურ ქილაში ინახავენ. მომდევნო წელს ისინი შენახულ სურვილებს ხელახლა კითხულობენ და ამოწმებენ, რამდენად მოახერხეს დასახული მიზნების მიღწევა. 

მომზადებულია goodhousekeeping.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

25 ფილმი, რომელსაც ახალ წელს შეგიძლიათ ჩაუჯდეთ

25 ფილმი, რომელსაც ახალ წელს შეგიძლიათ ჩაუჯდეთ
ახალი წლის დადგომას მყუდრო და საოჯახო გარემოში თუ ამჯობინებთ, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ​საახალწლო ფილმების ყურებას გირჩევთ. კინოს სადღესასწაულო განწყობის შექმნის საოცარი უნარი აქვს. თუ 31 დეკემბრის ღამეს სახლში დარჩებით, შეგიძლიათ საყვარელი ტკბილეული მოიმარაგოთ და ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფილმების ნუსხიდან თქვენთვის სასურველი ფილმი შეარჩიოთ...

• შვებულება

ნენსი მეიერსის რომანტიკული კომედია საახალწლო განწყობის შესაქმნელად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ფილმი საოცრად ლამაზად არის გადაღებული. კამერონ დიასისა და ქეით უინსლეტის საოცარი შესრულება რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ. ფილმის ორივე მთავარი გმირი სიყვარულს სწორედ მაშინ პოულობს, როდესაც ამას საერთოდ არ ელის. მართალია, ახალი წელი მხოლოდ ფილმის დასასრულს დგება და საახალწლო სცენები ფილმში უხვად არ გვხვდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, „შვებულება“ თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთ-ერთ საუკეთესო საახალწლო ფილმად.

• ახალ წელს გილოცავ, ჩარლი ბრაუნ!

სახლში პატარები თუ გყავთ, მათთან ერთად ჩარლი ბრაუნის საახალწლო თავგადასავლის ყურება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფილმის მთავარი გმირი ძალიან აღელვებულია, რადგან, შესაძლოა, საახალწლო წვეულებაზე მისვლა დააგვიანდეს.

• ვიღაც შენი მსგავსი

შეყვარებულისგან უამრავი გულისტკენისა და ღალატის გადატანის შემდეგ (ახალი წლის სევდიანად გატარების ჩათვლით) ეშლი ჯადის გმირი საკუთარი ცხოვრების მართვას თავად იწყებს. მას თავდაჯერება ემატება და აღნიშნული ცვლილება მთავარი გმირის ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

• ქირა

დაუვიწყარი საახალწლო თავგადასავლის მოწყობა თუ გსურთ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლის საყურებლად მოემზადეთ. ფილმის პირველი ნაწილი ახალი წლის დღესასწაულზე განვითარებული მოვლენების შესახებ გვიყვება.

• ტოსკანის მზის ქვეშ

მართალია, აღნიშნულ ფილმში ერთ საახალწლო სცენასაც ვერ შეხვდებით, მაგრამ ის მთავარი გმირის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი განახლების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და ხელახლა დაბადების რწმენას შთაგინერგავთ, რაც ახალი იმედებით და მოლოდინებით აგავსებთ. თუ თქვენთან ძალიან ცივა, ტოსკანის მზიანი პეიზაჟების დანახვა ზამთრის სუსხს გადაგავიწყებთ და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ძველ წელს აუცილებლად დადებითი განწყობით უნდა დაემშვიდობოთ.

• უძინარნი სიეტლში

ფილმი დაქვრივებული მთავარი გმირის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებას ძალიან განიცდის. ის საახალწლოდ გარდაცვლილ მეუღლესთან საუბარზე ოცნებობს. მართალია თომ ჰენქსის გმირს უდიდეს ტრაგედიასთან უხდება გამკლავება, მაგრამ ის სიყვარულს კვლავ პოულობს, როდესაც ჟურნალისტ ენის გაიცნობს.

• 200 სიგარეტი

ფილმი 80-იანი წლების საახალწლო წვეულებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. მასში 90-იანი წლების ისეთი კინოვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ქეით ჰადსონი, დეივ ჩეპელი და პაულ რუდი.

• როზმარის ბავშვი

აუცილებელი სულაც არ არის, რომ ახალ წელს მხოლოდ კომედიების ყურებით დაკავდეთ. თუ საშინელებათა ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას, „როზმარის ბავშვი“ საახალწლოდ აუცილებლად ნახეთ. ფილმის ერთ-ერთი სცენა სწორედ ახალი წლის დღესასწაულზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

• მარტოხელა დედა

„მარტოხელა დედა“ კლასიკური რომანტიკული კომედიაა, რომელშიც მთავარ როლს ჯინჯერ როჯერსი ასრულებს. ფილმი მაღაზიის მფლობელის ვაჟისა და გამყიდველი ქალის სასიყვარულო თავგადასავალზე მოგვითხრობს.

• ბიჭის შესახებ

ამ არაჩვეულებრივ ფილმში მთავარ როლს ჰიუ გრანტი ასრულებს, მოვლენები კი ახალი წლის დღესასწაულზე ვითარდება.

• სანამ შენ გეძინა

ფილმი სანდრა ბულოკის გმირის რომანტიკული თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. მოვლენები კი ახალი წლისა და შობის დღესასწაულებზე ვითარდება.

• როცა ჰარი შეხვდა სალის

ბილი კრისტალისა და მეგ რაიანის სასიყვარულო ისტორიის ყურებისას ცრემლების შეკავება გაგიჭირდებათ. მათი თავგადასავალი კულმინაციას საახალწლო წვეულებაზე აღწევს.

• სადღესასწაულო სასტუმრო

მიუზიკლები თუ გხიბლავთ ეს საახალწლო ფილმი სწორედ თქვენთვის არის. მასში ლეგენდარული ფრედ ასტერი და მარჯორი რეინოლდსი მონაწილეობენ.

• ბრიჯიტ ჯონსის დღიური

მომხიბლავი ბრიტანული რომანტიკული კომედია ბრიჯიტ ჯონსის საოცარი თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მოქმედება ახალ წელს იწყება და მომდევნო ახალი წლის დღესასწაულზე დაუვიწყარი კოცნით სრულდება,

• დაუვიწყარი რომანი

დებორა კერისა და კერი გრანტის რომანტიკული ისტორია იდეალური ახალი წლის შესახებ თქვენს წარმოდგენებს უფრო გაამძაფრებს.

• ნათლია (მეორე ნაწილი)
 
მაფიოზური კლანების შესახებ ფილმების ყურება თუ მოგწონთ, შეგიძლიათ არჩევანი „ნათლიაზე“ შეაჩეროთ. რომანტიკული ისტორიებით ტკბობის ნაცვლად, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყურებით ისიამოვნეთ. თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ჟანრი მოგწონთ.

• გამხდარი ადამიანის შემდეგ

აღნიშნული ფილმი დეტექტივების მოყვარულებს ნამდვილ თავგადასავალს პირდება. მთავარი გმირები მისტიკურ მკვლელობას იძიებენ, მოვლენები კი ახალი წლის დღესასწაულზე ვითარდება.

• ადგილთა გაცვლა

ახალი წლის მხიარულად დაწყება თუ გსურთ, „ადგილთა გაცვლა“ აუცილებლად ნახეთ. ედი მერფის საოცარი შესრულება და კომიკური სიუჟეტებით სავსე ფილმი სასიამოვნო განწყობის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

• მოჩვენებებზე მონადირენი 2

სამი მკვლევარი ადამიანებისა და სახლების ავი სულებისგან გადარჩენაზე ზრუნავენ. ფილმი ზღაპარში გამოგზაურებთ და მხიარულებასაც გპირდებათ.

• ოუშენის 11 მეგობარი

მძარცველთა წამოუდგენელი თავგადასავლის ხილვა თუ გსურთ, „ოუშენის 11 მეგობარს“ ჩაუჯექით. ფილმში მოვლენები საოცრად საინტერესოდ ვითარდება და მაყურებლის გაოცებას იწვევს.

• პოსეიდონის თავგადასავალი

გემის ჩაძირვის შემდეგ ადამიანები თვითგადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ. თუ მძაფრსიუჟეტიანი ფილმები გიზიდავთ, 1979 წელს გადაღებული „პოსეიდონის თავგადასავალთან“ ერთად 2006 წელს გამოსული „პოსეიდონიც“ ნახეთ.

სექსი დიდ ქალაქში (ფილმი)

ფილმი ოთხი მეგობრის ისტორიებს მოგვითხრობს. მისი ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ დღესასწაულზე არამხოლოდ რომანტიკული განწყობა გვჭირდება, არამედ ნამდვილი მეგობრების თანადგომაც.

• ბინა

1960 წელს ფილმმა საუკეთესო სურათისთვის ოსკარი მიიღო. შირლი მაკლეინისა და ჯეკ ლემონის საოცარი შესრულების ნახვა თუ გსურთ, ამ ფილმს აუცილებლად უყურეთ.

• ახალი წლის ღამე

„ნამდვილი სიყვარულის“ მსგავსად აღნიშნული ფილმიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზეა ორიენტირებული. ის საოცარ სასიყვარულო თავგადასავლებზე გიყვებათ და რომანტიკულ განწყობაზე გაყენებთ.

• სანსეტ ბულვარი
„სანსეტ ბულვარი“ ბედნიერ ახალ წელზე ნამდვილად არ მოგითხრობთ, მაგრამ ამერიკული ნუარის ჟანრის მწვერვალის ხილვა თუ გსურთ, მის ნახვაზე უარი არ უნდა თქვათ. 

მომზადებულია countryliving.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად