უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
როგორ დავამშვიდოთ ზედმეტად ემოციური ბავშვი ძილის წინ? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს
პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში მშობლის კითხვას უპასუხა, რომელიც ზედმეტად ემოციური შვილის ჩაძინების პრობლემის გამო ჩიოდა. დედის თქმით, მისი ერთი წლის ვაჟი ძალიან ემოციური ბავშვია, ყოველთვის აქტიურობს, თამაშობს, ერთობა, ჩაძინება კი უმეტესად უჭირს. მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვს ძილი უნდა, თუმცა ვერ ახერხებს, რომ ჩაიძინოს.
ევგენი კომაროვსკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
„ვფიქრობ, რომ თქვენ ნორმალური, ჩვეულებრივი ბავშვი გყავთ და არანაირი პრობლემა არ გაქვთ. საღამოს საათებში ბავშვს ნუ შესთავაზებთ აქტიურ თამაშებს. არჩევანი ნაკლებად ემოციურ აქტივობებზე შეაჩერეთ, მაგალითად, ხანგრძლივ სეირნობებს მიანიჭეთ უპირატესობა.
ბავშვის დამშვიდება მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით არის შესაძლებელი. უნდა გაზარდოთ მისი ფიზიკური დატვირთვა, შეამცირეთ ემოციური გამაღიზიანებლები, შეცვალეთ ბავშვის კვების, ძილისა და სეირნობის განრიგი.
გსურთ, რომ თქვენს შვილს ღამით კარგად ეძინოს? არ მისცეთ მას დღისით დაძინების საშუალება. ძილის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მე არაერთი ვიდეორგოლი მაქვს ჩაწერილი და შეგიძლიათ ამ ინფორმაციასაც გაეცნოთ,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.