Baby Bag

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვებში ზრუნვის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ჩემი და ჩემზე უმცროსია. მახსოვს, როდესაც სკოლაში დავდიოდი, მამაჩემმა მითხრა, ძალიან მინდა მაღაზიაში გამომყვე, შენთვის რაღაც აარჩიე, შენი დისთვისაც რამე შეარჩიე და აჩუქეო. მაღაზიაში ბედნიერი წავედი. ჩემს დას სიხარულით რაღაც ავურჩიე. მე უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ მეც რაღაც შემხვდა. ეს მომენტი მახსოვს, რომ ნინოს ვაჩუქე რაღაც და ის რა გახარებული იყო. მერე გავიგე, რომ ამ დროს დედამ ჩემს დას უთხრა, შეიძლება შენმა ძმამ დღეს რაღაც გაჩუქოს და ალბათ, ძალიან გაგიხარდებაო. იმის მერე დღემდე მინდა, რომ ჩემს დას რაღაც ვაჩუქო, რაღაც პატარა გავუკეთო.“

„ბავშვები ბუნებით ეგოისტები არიან. კიდევ ერთი რამ, რაც ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ არის ის, რომ როდესაც ოჯახის პატარა წევრი ჩნდება, დიდს ავალებენ პასუხისმგებლობას, რომ ახლა შენ უნდა იზრუნო, მოუარო, გამოუცვალო. პასუხისმგებლობის იძულება არ მგონია, რომ კარგი გზა იყოს. თუ ბავშვში ზრუნვა უკვე არის, ის ამას სიხარულით გააკეთებს. თავისი ნებით თუ გააკეთებს რაღაცას, სულ პატარას მაინც, მოდი, მაგრად შევაქოთ. უფროსი ძმა სულ რომ 14 წლის იყოს, სრულწლოვანი მაინც არ არის. ის, რომ ბავშვი გადასცე და შენ კინოში წახვიდე, ასე არ გამოვა არანაირად,“ - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც გაიაზრებ, თვითონვე ხვდები, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ ურთიერთობაში," - ზურა მხეიძე

​ფსიქოლოგი ზურა მხეიძე იმ შეცდომებზე საუბრობს, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში ხშირად უშვებენ:

„დედმამიშვილებს შორის ხშირია ქონებრივი დავა. ხშირად ამბობენ: „მე მეტი მეკუთვნოდა, იმან მეტი მიიღო, იმან ორი ხალიჩით მეტი წაიღო, იმას ჭურჭელი გაატანეს.“ უსამართლობის განცდებია. იმას მეტი შეხვდა, მე ნაკლები. ასეთი განცდები ბევრს აქვს, უბრალოდ რამდენად ქმნის ადამიანი ამისგან პრობლემას, ეს არის განსხვავება. შეიძლება მე მქონდეს ეს განცდა, მაგრამ ხმა არ ამოვიღო, ან მქონდეს განცდა და ჩაქუჩი ვურტყა ჩემს ძმას. განსაკუთრებით ეს მძაფრდება გათხოვების შემდეგ. ​ოჯახი რომ იყოფა, ფიქრობენ, რომ არასწორი განაწილება მოხდა. ცოლების ბრალი არის ხოლმე ეს ხანდახან. ცოლი გეუბნება: „შენს ძმას ისინი გადაყოლილები არიან, ჩვენ რა? ჩვენ მოგვაქციეს ყურადღება? ბავშვს ერთი სათამაშო მოუტანეს და იმასთან ნახე როგორ არიან.“ ეს ბუნებრივია. უჩვეულოა, თუ ამ ვითარებას დაალაგებ. საინტერესო ის არის, რომ იმაზე ზემოთ დადგე, რაზეც სხვები დგანან. ტვინი იმიტომ მუშაობს, რომ ამ სისულელეებზე არ ავარდე.“

ზურა მხეიძე აღნიშნავს, რომ სპონტანურად მოქმედება ხშირად დიდ შეცდომებს გვაშვებინებს და ურთიერთობებს აზარალებს:

„წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: მეუღლემ დააგვიანა, მაშინ მობილური არ იყო, ვინერვიულე. დაღამდა, ძალიან ვინერვიულე. ამ დროს ვხედავ, თანამშრომლებთან ყოფილა სადღაც, ძალიან კარგ ხასიათზე. ჩემი პირველი რეაქციაა, რომ ამაზე ძალიან​ ვეჩხუბო. ამ დროს როგორ მუშაობს თავი? მე ვეუბნები ჩემს თავს: „შენ ახლა ხარ ცუდ ხასიათზე, ის კარგ ხასიათზეა. მე თუ ვეჩხუბები, სახლში ორივე ვიქნებით ცუდ ხასიათზე.“ იქვე ვცვლი გადაწყვეტილებას და ვამბობ, რომ ერთი ოჯახის წევრი მაინც უნდა დავტოვო კარგ ხასიათზე. ამიტომ ვირჩევ, რომ არაფერი ვუთხრა. ხმა არ ამომიღია და ოთხი დღის მერე სადილზე ვთქვი, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო. გაცილებით მეტი მოგება იყო ურთიერთობაში. სპონტანურად რა უნდა ყოფილიყო? უნდა მეთქვა: „სად დადიხარ, რომ დადიხარ?“ ისიც ჩაგაშხამე, სადაც იყავი, ხომ?“

​ზურა მხეიძე საკუთარი ცხოვრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს იხსენებს, როდესაც ის ემოციებს აჰყვა და ქცევა არ გააკონტროლა:

„ჩემი დეიდაშვილი დამეკარგა, პატარაა ჩემზე, ვინერვიულე. თურმე ჩემს მეგობრებს გაჰყოლია, მერე ვიღაც მიუცილებია. მე ვეძებდი. რომ დარეკა ზარი და კარი გავუღე, ჩემგან სილა მოხვდა. მერე დავფიქრდი, რას ვაკეთებ. ვინერვიულე, რომ ცუდად არ იყოს. მოვიდა კარგად და გავხადე ცუდად. მე გამიხარდებოდა, რომ ცუდად ყოფილიყო, იმიტომ რომ მართალი აღმოვჩნდებოდი, ხომ? ამიტომ მე ამას ვაანალიზებ ხოლმე, სანამ სპონტანური რეაქცია მექნება. კარგად რომ გააანალიზებ რაღაცებს, მიხვდები, რა იდიოტობას აკეთებდი. შედეგზე ორიენტირებული უნდა იყო.“

„ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა. ადამიანს ჯგუფში გავუვრცელეთ, რომ ვითომ სიმსივნე ჰქონდა. მთელი ჯგუფის დამოკიდებულება შეიცვალა ამ ადამიანისადმი. ზოგი კანფეტს ჩუქნიდა, ​ყურადღებას იჩენდნენ. ბოლოს ვუთხარით ჯგუფს, რომ ეს იყო ტყუილი. იმის მაგივრად, რომ ეს გახარებოდათ, აგრესია ჰქონდათ. განიცადეს, რომ ტყუილად მოუტანეს კანფეტი. ეს საინტერესო ფენომენია. იმდენად ეგოისტი ვარ, რომ როდესაც კვდები გაგიკეთე ბევრი რამ, მაგრამ რომ აღარ კვდები, ეს არ მომეწონა. როდესაც გაიაზრებ, თვითონვე ხვდები, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ ურთიერთობაში,“ - აცხადებს ზურა მხეიძე.

წყარო: ​აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად