Baby Bag

„არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება! გადართვა არის აუცილებელი,“- ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

„არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება! გადართვა არის აუცილებელი,“- ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე

ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ადამიანისთვის დასვენებისა და ძალების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„შრომის განწყობაზე რომ ვიყოთ, უნდა დავისვენოთ. როდესაც სულ მუდამ იმ რეჟიმში ხარ, რომ მუშაობ, დაკავებული ხარ და დღე და ღამე გასწორებული გაქვს, შრომის უნარიანობა ძალიან იკლებს. თუ ჩვენს უფროსებს გავაგებინებთ, რომ აუცილებლად გვჭირდება დასვენება იმისთვის, რომ ჩვენი შრომისუნარიანობა უფრო მაღალი იყოს, მაშინ, ალბათ, მოგვცემენ იმის საშუალებას, რომ დავისვენოთ. შაბათ-კვირა ხომ გვაქვს, არა? ის შაბათი და კვირა გამოვიყენოთ დასვენებისთვის. არსებობს აქტიური და პასიური დასვენება. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. უნდა შეგვეძლოს ჩვენი სხეულის მოსმენა. ზოგჯერ მინდა, რომ დავწვე და არაფერი არ ვაკეთო, ზოგჯერ მინდა, რომ კლუბში წავიდე, გავისეირნო. მოვუსმინოთ საკუთარ თავს და დავისვენოთ ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს.

ძალიან სწორია, რომ მუშაობის პროცესში ზოგჯერ ტელეფონში იყურება ადამიანი. არ შეიძლება მუდმივად ერთი საქმის კეთება. გადართვა არის აუცილებელი. ერთი საათი მუშაობ და 5 წუთი გადაერთვები სადღაც. ასე შრომის ნაყოფიერება უფრო მაღალია და მეც უფრო ვისვენებ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „მე არ ვიღლები, სულ ენერგიული ვარ, სულ შემიძლია.“ სინამდვილეში აჟიტირებულია ეს ადამიანი. ბავშვებზე იციან ხოლმე, დაჰყავთ ინგლისურზე, ფრანგულზე, ხატვაზე, ცეკვაზე და არ იღლებაო, შეუძლიაო ბავშვს, ამბობენ. განა არ იღლება ბავშვი, აჟიტირებულია უბრალოდ. ამ დროს დასვენება გჭირდებათ აუცილებლად. როგორი ფორმით, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ,“- მოცემულ საკითხზე ლალი ბადრიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო:​ „პოსტ ალიონი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხვირის ლორწოვანი უნდა იყოს სველი, ეს არის აპრიორი. სიმშრალესთან საბრძოლველად ხშირად უნდა დავიტენიანოთ ცხვირი,“ - ქეთევან გოცაძე

„ცხვირის ლორწოვანი უნდა იყოს სველი, ეს არის აპრიორი. სიმშრალესთან საბრძოლველად ხშირად უნდა დავიტენიანოთ ცხვირი,“ - ქეთევან გოცაძე

​ოტორინოლარინგოლოგმა ქეთევან გოცაძემ მოსახლეობას ცხვირის ლორწოვანის დატენიანებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საყოფაცხოვრებო პირობების გამო ცხვირის ლორწოვანი გამომშრალია, რაც ადგილობრივ იმუნიტეტს ასუსტებს:

„ყნოსვისა და ნერვის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ძალიან კარგად მუშაობს B ჯგუფის ვიტამინები. ამიტომ შეგიძლიათ B ვიტამინის შემცველი პროდუქტები მიიღოთ, რომ თუ ნერვია ჩათრეული, ყნოსვის აღდგენა დაჩქარდეს. პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვანი თავად გამოიმუშავებს ანტიბაქტერიულ და ანტიმიკრობულ ნივთიერებებს. დღეს საყოფაცხოვრებო პირობების და გარემოს გამო ჩვენი ცხვირის ლორწოვანი ვერ არის სველი. ეს უნდა შევძლოთ. პირველ რიგში, ჩვენი ადგილობრივი იმუნიტეტი, რომელიც ​გარკვეული დოზით კორონავირუსსაც ებრძვის, უნდა გავაძლიეროთ. ცხვირის ლორწოვანი უნდა იყოს სველი, ეს არის აპრიორი. სიმშრალესთან საბრძოლველად ხშირად უნდა დავიტენიანოთ ცხვირი. ძალიან ბევრი ცხვირის სპრეი იყიდება. ფარმაცევტულ ბაზარზე ნაირფერი ზღვის წყლის სპრეები იყიდება, რომლებიც შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე გამოიყენოთ.“

ქეთევან გოცაძის თქმით, ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობაზე რეკომენდაციის გაცემა მედიკოსებს არ შეუძლიათ, რადგან აღნიშნული საკითხი ჯერ შესწავლილი არ არის:

​ხშირად მოგვიწოდებენ, რომ ნიორი ვიხმაროთ, პერეკისი გამოვიყენოთ და ა.შ. სოციალურ ქსელში მედიცინამ რაიმე რეკომენდაცია რომ დადოს, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ ექიმები ასეთ რეკომენდაციებს ვერ ვიძლევით. იაპონიაში ჩატარდა სამეცნიერო კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ კვლევის სტადიაშია, ხურმის წვენში შემავალი ნივთიერება ორგანიზმის გარეთ დაინფიცირებულ ნერწყვზე რომ დავასხათ, დიდი რაოდენობით კორონავირუსს ანადგურებს. იაპონიაში მუშაობენ, რომ საღეჭი რეზინები შექმნან ხურმის წვენის შემცველობით. მიუხედავად ამისა, ეს არ იძლევა ჩვენი მოსახლეობისთვის რეკომენდაციას.“

ქეთევან გოცაძემ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ახალმა სიმპტომმაც იჩინა თავი და პაციენტების გარკვეულ ნაწილს ყურის ტკივილი აწუხებს:

„ენის დვრილებზე არის გემოვნების რეცეპტორები. დვრილებზე სისხლჩაქცევების გაჩენა ახანგრძლივებს გემოს აღდგენის პროცესს. ​როდესაც სისხლჩაქცევები გაიწოვება, გემოვნებაც აღდგება. ახლა წამოვიდა ყურის ტკივილები და ყურში გაგუდვის შეგრძნებები, რაც ადრე არ იყო. თუ კოვიდი რინიტით მიდის, ცხვირის გაჭედვა რაღაც დოზით აისახება ყურის პრობლემებზე. ჯერ ვერაფერს ვიტყვით, რა ხდება ამ დროს ყურში. შესაძლოა, ყელიდან გადაეცემა ტკივილი ყურს. ამ ყველაფერს დაჯამება სჭირდება.“

„ახლა წამოვიდა უნდობლობა ექიმების მიმართ. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ სწამდეს ექიმების. შეუძლებელია განიკურნო, თუ არ იწამე ექიმის,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთევან გოცაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა „სხვა შუადღეში“ ისაუბრა.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად