Baby Bag

„ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი,“ - მარინა კაჭარავა იძულების ნეგატიურ შედეგებზე

„ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი,“ - მარინა კაჭარავა იძულების ნეგატიურ შედეგებზე

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვზე იძულების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებს არას თქმა ასწავლონ:

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ ბავშვმა ვინმეს არ გაუყოს რამე და არ გაუნაწილოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იძულებითი. ეს უნდა ისწავლოს ბავშვმა, რომ დიახ, აირჩიოს და გაუნაწილოს და არა იმიტომ, რომ იძულებულია. თუ ის სულ იძულებულია, თუ სულ ამას ვაიძულებ, მერე სხვასთან იქნება იძულებული გააკეთოს რაღაც. ერთ-ერთი ფსიქოლოგი წერს ასეთი რამეს: ბავშვს რომ აიძულებ საყვარელი სათამაშო აჩუქოს სტუმარ ბავშვს, რომელიც მოთქვამს, რომ აჩუქოს. წარმოიდგინეთ, რომ მეუღლემ, საყვარელმა ადამიანმა გაჩუქოთ ძვირფასი რაღაც. მოვიდეს დედათქვენის მეგობრის შვილი, თქვენი ასაკის და ატეხოს წივილ-კივილი, რომ აჩუქოთ. რამდენად ადეკვატურია ეს რომ აჩუქოთო, წერს ეს ფსიქოლოგი.

ბავშვისთვის ის ნივთი არის, როგორც ზრდასრულისთვის სახლი. ბავშვისთვის ძვირფასობა იმაში არ გამოიხატება, რამდენი აქვს მშობელს ამ ნივთში მიცემული. ეს მშობელი აწვდის მას ამ ინფორმაციას, რომ ძვირი ღირს. ბავშვმა საიდან უნდა იცოდეს, რა რა ღირს. არც უნდა იცოდეს მან ეს. მისთვის ეს რომ ძვირფასია და მას აიძულებ რაღაცას, მერე ვიღაც სხვა აიძულებს. მე იმის მომხრე ვარ, რომ ბავშვმა წინააღმდეგობის გაწევა ისწავლოს. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ გაზიარება არ იცოდეს. მნიშვნელოვანია, რომ მან არას თქმა ისწავლოს. თუ მან ეს არ იცის, ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ცხოვრებისეულ გამოწვევებს. მერე ეზოში ჩადის ბავშვი, ეტყვიან სიგარეტი მოვწიოთ, ყველა ეწევა. არ უნდა, მაგრამ მოწევს. მერე მარიხუანას მოაწევინებენ, არ უნდა, მაგრამ ამას აკეთებს. მერე შეიძლება ჩხუბში აღმოჩნდეს, არ უნდოდა, მაგრამ წაყვა. ეს ტენდენციაა ასეთი, რომ ადამიანი თუ ერთხელ არ ამბობს უარს, მერე უარს აღარ ამბობს,“- აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

წაიკითხეთ სრულად