Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი ვაქცინაა უფრო ძლიერი დელტა შტამის მიმართ? - ინფექციონისტი ელენე პაჭკორია ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ

რომელი ვაქცინაა უფრო ძლიერი დელტა შტამის მიმართ? -  ინფექციონისტი ელენე პაჭკორია ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ

ინფექციონისტმა ელენე პაჭკორიამ დელტა შტამის სწრაფი გავრცელებისა და ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მალე დელტა შტამის გავრცელება 100 %-მდე აიწევს:

„მსოფლიოში დომინანტი ხდება დელტა ვარიანტი. ის უკვე 98 ქვეყანაშია გავრცელებული. 93 %-ში დღეს დელტა ვარიანტი ცირკულირებს. ფიქრობენ, რომ მისი გავრცელება თითქმის 100 %-მდე ავა. ​ვაქცინაცია მაინც ეფექტიანია. ვაქცინამ შეიძლება ვერ დაიცვას დაინფიცირებისგან ადამიანი, მაგრამ დაიცავს ჰოსპიტალიზაციის, მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალობისგან. არავაქცინირებულთან შედარებით ვაქცინირებული დაინფიცირებისგანაც მეტად დაცულია. ამიტომ აუცილებელია დღესდღეობით, რომ შევაჩეროთ პანდემია და შევაჩეროთ ვირუსის შემდგომი მუტაცია.“

ელენე პაჭკორიას თქმით, რაც უფრო მეტად გავრცელდება ვირუსი, მით მეტად განიცდის ის მუტაციას და გაჩნდება შტამები, რომლებიც ვაქცინას არ დაემორჩილება:

„ახლა სხვა შტამებიც გამოჩნდა. სამხრეთ ამერიკაში არის ვარიანტი, რომელსაც ლამბდას ეძახიან. ლამბდაზე ამბობენ, რომ ამ შტამს აქვს რეზისტენტობა ვაქცინების მიმართ. რაც უფრო მეტად გავრცელდება ეს ვირუსი, მით უფრო მეტად განიცდის მუტაციას, მიტ უფრო მეტად გაჩნდება შტამები, რომლებიც არ დაემორჩილება შემდგომში ვაქცინაციას. სანამ ვაქცინაციის პროცესი დასრულდება, აუცილებლად საჭიროა, დავიცვათ ის წესები, რაც ხალხისთვის უკვე ცნობილია. დავიცვათ დისტანცია, გავიკეთოთ პირბადე და მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ​პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, გავიკეთოთ ვაქცინაცია. ფაიზერზე იყო ცნობილი, რომ 88 %-ში იყო დაცვა, ასტრაზენეკასთან დაკავშირებით კი 66-67 %-ში.“

„ერთ-ერთი ინფორმაციით, ინაქტივირებული ვაქცინა 80 %-მდე ეფექტიანია. ის ხელს შეუწყობს, რომ შეიქმნას იმუნური ფენა. რაც იქნება ხელმისაწვდომი, იმით უნდა ავიცრათ. ​ზოგიერთ ადამიანს შიში აქვს „ფაიზერის“ მიმართ და ურჩევნია ინაქტივირებული ვაქცინა. თუ ურჩევნიათ, სჯობს ამ ვაქცინებით აიცრან, ვიდრე საერთოდ არ გაიკეთონ ვაქცინა,“ - აღნიშნულ საკითხზე ელენე პაჭკორიამ „რადიო თავისუფლების“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო თავისუფლება“

წაიკითხეთ სრულად