Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დილით ბავშვი რომ ადგება, ის კი არა, რომ ჩქარა ჩავაცვათ, პატარა ფიზკულტურა გავაკეთოთ. ვარჯიში და გაკაჟება ნუ დაგვავიწყდება,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ 1-6 წლამდე ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის წესების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მშობელმა ამ ასაკში ბავშვს წესიერება და სისუფთავე უნდა ასწავლოს:

„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ერთი წლიდან ექვს წლამდე, სკოლამდელი ასაკის პერიოდი.​ აქ ყალიბდება პიროვნების საფუძვლები. იქ სხვადასხვა მომენტებია, მაგ. წესიერება, სისუფთავე და სისალუქე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ბავშვს, რომ ბავშვი ძალიან სუფთა იყოს. ტალახი ბავშვისთვის რომანტიკაა. წესიერება კი ბავშვს უნდა შევაჩვიოთ. კი ისიც რომანტიკაა, რომ სათამაშოები მოფანტულია, მაგრამ მაინც უნდა მივაჩვიოთ, რომ დღის ბოლოს სათამაშოები ლამაზად დააწყოს. ეს იქნება წესრიგის შესწავლა და სილამაზის აღქმის განვითარება. დაწყობილ ნივთებს თავისი ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს.“

ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ ბავშვს დამოუკიდებლად ჩაცმა თანდათანობით უნდა ვასწავლოთ და მას იმაზე მეტი არ მოვთხოვოთ, ვიდრე შეუძლია:

„დამოუკიდებლად ჩაცმა ბავშვისთვის ამოცანაა. ერთი წლის ბავშვს ნუ ვაიძულებთ, რომ თასმები შეიკრას. თანდათანობით უნდა მივაჩვიოთ ამას. ​ყოველი ქმედება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას. პამპერსის გამოყენება ძალიან დიდხანს არ გვინდა, განსაკუთრებით ბიჭებისთვის. ბიჭის სასქესო ორგანოს განვითარებისთვის გრილი გარემოა უკეთესი, ზედმეტი ჩათბუნება არ ვარგა. ამიტომ სჯობს, რომ რაც შეიძლება ადრე გადავაჩვიოთ საბავშვო საფენებს.“

ყარამან ფაღავას თქმით, მშობლები ბავშვის კვებას ხშირად არასწორად უდგებიან. ისინი მეტისმეტად ბევრ საჭმელს სთავაზობენ შვილებს, რაც მათ ჭარბი წონის პრობლემის წინაშე აყენებს:

„სწორი კვება საოცრად მნიშვნელოვანი ამბავია. ძალიან ხშირად მაინც საჭმლის კულტია. ჩვენ უფროსები ვიკლებთ, ბავშვს ვაჭმევთ და ვაჭმევთ. გვიხარია, რომ ბავშვი მსუქანია. უახლესი მონაცემებით, ​2-3 წლის ასაკში, თუ ბავშვი გასუქებულია, მომავალში მეტი რისკია ათეროსკლეროზის განვითარებისა და სიმსუქნის. ზომიერება აუცილებელია. ტკბილეული, კრემიანი ნამცხვარი, შოკოლადი არ გვჭირდება. შოკოლადი ალპინისტის საჭმელია, თორემ ბავშვს რად უნდა შოკოლადი?!“

„ვარჯიში და გაკაჟება ნუ დაგვავიწყდება. დილით ბავშვი რომ ადგება, ის კი არა, რომ ჩქარა ჩავაცვათ, პატარა ფიზკულტურა გავაკეთოთ. თუ დილით არ გამოდის, საღამოთი შეგვიძლია. გაასეირნეთ, გაესაუბრეთ. თავისუფალი დრო სწორად უნდა გამოიყენოთ. ​თავისუფალი დრო კარგია, მაგრამ თავისუფალი დრო არ ნიშნავს უსაქმურობას. ბავშვი რაღაცას სულ უნდა აკეთებდეს, რაღაცას უნდა აშენებდეს, რაღაცას უნდა ხატავდეს. ის მშობელსაც უნდა ეხმარებოდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

წაიკითხეთ სრულად