Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

არასრულფასოვნების კომპლექსი ბავშვებში - როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

არასრულფასოვნების კომპლექსი ბავშვებში - როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
არასრულფასოვნების გრძნობა ბავშვებში თუ ძლიერია, იწვევს გარკვეულ სირთულეებს მათ ცხოვრებაში და ხდება ხელშემშლელი ფაქტორი განვითარების პროცესში. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, პედაგოგებმა მათ დასახმარებლად? ამ კითხვებზე ​Momsedu.ge-ს უპასუხა ფსიქოლოგმა მარი ჯოხარიძემ.

​- მარი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხშირად ბავშვებს უყალიბდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი. ძირითადად რისგან არის ეს გამოწვეული?

​- არასრულფასოვნების გრძნობა, თუ ის ზომიერია, პირიქით, ახალისებს ბავშვსაც და ზრდასრულ ადამიანსაც, რომ განივითაროს შესაძლებლობები, მაგრამ თუ ეს გრძნობა ძლიერია, პირიქით, აფერხებს განვითარების სურვილს. ბავშვი, რომელსაც აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, ხშირად გაურბის სხვადასხვა სოციალურ სიტუაციას, თვალით კონტაქტს, კრიტიკულია, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. ხშირად ადარებს საკუთარ თავს სხვებს, ცდილობს, სიახლეებს თავი აარიდოს, რადგან ჰგონია, რომ არ გამოუვა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც ხშირი კრიტიკით ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ასევე გადაჭარბებული ყურადღებით მშობლებისგან.

​- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს და რა სახით უნდა ჩაერიოს?

​- მშობელმა ბავშვებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, რომ თავად მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზები. მაგალითად, როდესაც პრობლემები აქვს ბავშვს მეგობართან, ნაცვლად იმისა, რომ უთხრან როგორ მოიქცეს, ჰკითხონ, როგორ გრძობს თავს, როგორ სცადა ამ პრობლემის მოგვარება. უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს და ვაგრძნობინოთ, რომ მათი გრძნობები, აზრები ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის. ასევე საყურადღებოა, რომ არ გავაკრიტიკოთ ბავშვი და არც სხვებს შევადაროთ. დავაკისროთ ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობები და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, ნახოს, რომ თავადაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

​ასევე მივცეთ შესაძლებლობა, დაუშვას შეცდომები და ამ შეცდომებით ისწავლოს.

​- თუ კომპლექსი საკუთარი შესაძლებლობებიდან არის გამოწვეული, უჭირს სწავლა, ათვისება, როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, რათა ბავშვში მეტად არ გააღვივოს პრობლემა?

​- თუ ბავშვს ათვისების პრობლემა აქვს, პედაგოგს უნდა ჰქონდეს ამაზე ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ინკლუზიური სწავლების მეთოდები, არც პედაგოგმა არ უნდა შეადაროს ბავშვები ერთმანეთს, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ითანამშრომლოს მშობელთან.

​- რა ეტაპზე უნდა მიმართოს მშობელმა ფსიქოლოგს?

​- თუ მშობელი ხედავს პრობლემას, ვლინდება ის ქცევები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მას, რა თქმა უნდა, უჩნდება დახმარების სურვილი და კითხვებიც. როდესაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება ამას მშობელი, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად