Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლები ინსტინქტურად ამზადებთ შვილებს ვიღაცის სამსახურში ჩასაყენებლად, ეს არის შეცდომა. პირიქით, უთხარით, იქნებ თავისი საქმე მოიფიქრონ,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე მშობლებს ბავშვის ფანტაზიებისა და სურვილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ბავშვს ამბიციები კი არ უნდა ჩავუხშოთ, არამედ გავუძლიეროთ:

„მშობლები ინსტინქტურად ამზადებთ შვილებს ვიღაცის სამსახურში ჩასაყენებლად. მე გითხარით, რომ ეს არის შეცდომა. პირიქით, უთხარით, იქნებ თავისი საქმე მოიფიქრონ. მაინც დაქირავებული იქნება, თუ ვერაფერს მოიფიქრებს, მაგრამ ჩარჩოს რატომ უწესებთ? რომ ვეუბნებით: „გასაუბრება რომ კარგად გაიარო, იქნებ მოეწონო და შენ აგიყვანონ.“ ვუთხრათ: „მოიცა რა, იქნებ შენ აიყვანო ის ტიპები.“ გაუჩინეთ ბავშვს ეს ამბიცია.“

ზურა მხეიძის თქმით, ბავშვმა საკუთარ იდეაზე ფიქრი და რეფლექსია მშობლის დახმარებით უნდა ისწავლოს:

„მე რომ ჩემს შვილებს გავუჩინე ამბიცია, გასაგებია, რომ სულელური აზრები მოაქვთ. ბავშვს უნდა ბიზნესის გაკეთება, მე რას გავაკეთებდი ამ დროს? ვეტყოდი, რომ ძალიან მაგარი იდეაა. საქმე რაშია იცით? მე რომ მომფიქრებოდა ასეთი რამ, თვითონ გავაკეთებდი ბიზნესს. ბავშვს ვეტყოდი: „მოდი, შენ მითხარი, რა გინდა და მე ხელს შეგიწყობ, რა გავაკეთოთ.“ თუ ბავშვს მოაქვს იდეა, ეგრევე ვანადგურებ ხოლმე, იმიტომ, რომ არარეალურ რამეს ამბობს. მაგ. მეუბნება: „გავხსნი მაღაზიას და მოვაწყობ.“ როგორ გახსნის მაღაზიას? ფართი არ აქვს. ბავშვი აღმოაჩენს, რომ ფართი სჭირდება. მერე ვეტყვი, რომ ვიყიდოთ-მეთქი. ვერ იყიდის, იმიტომ, რომ ფული არ აქვს. მერე ვთავაზობ, რომ დაიქირავოს ფართი. დაიწყებს ძებნას და ნახავს, რომ დაქირავებაც ძალიან ძვირი ჯდება. საიდან უნდა მოიტანოს ეს ყველაფერი? ანუ გაიჭედა ბავშვი.“

„მშობელი მიჰყვება შვილის იდეას და ის თვითონ ვერ ქაჩავს. ამის მერე ვეუბნები ბავშვს: ე.ი. ჯერ არ გეყო სწავლა. როდესაც სწორ იდეას მოიტან, მერე განახორციელებ.“ რატომ არ უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ მის ასაკში ბიზნესის კეთებაზე ფიქრის დრო არ არის? ყველაზე კარგი პროგრამისტები და ჰაკერები თინეიჯერობის ასაკში არიან. არ ეშინია ბავშვს შეცდომების და ყველაფერს აჩხაკუნებს. შეიძლება ბავშვმა მიზანში მოარტყას. რატომ არ ახალისებთ ბავშვს? უთხარით, რომ დაგიმტკიცოთ, რისი გამოგონება შეუძლია. იქნებ რაღაც ისეთს გეუბნება ბავშვი, რომ მართლა მილიონერი ხდება. რატომ ეუბნები, რა დროს შენი ეგ არის? გაუშვი ბავშვი, თვითონ იფიქროს,“ - აღნიშნავს ზურა მხეიძე.

წყარო: ​აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად