Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის 7 ჩვევა, რომელთა იგნორირება სახიფათოა

ბავშვის 7 ჩვევა, რომელთა იგნორირება სახიფათოა

შვილის ყოლა საოცარი განცდაა, თუმცა მშობლობა მარტივი გამოცდილება ნამდვილად არ არის. რთულია იმის მიხვედრა, რამდენად ზნეობრივი, განათლებული და ძლიერი ადამიანი იქნება ბავშვი მომავალში. ჩვენს სტატიაში ბავშვებში გავრცელებულ შვიდ ჩვევაზე გესაუბრებით, რომელთა იგნორირება სახიფათოა და სერიოზული პრობლემების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.

  • სხვისი ნეგატიური ქცევის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება

თქვენს შვილს უნდა აუხსნათ, რომ სხვების ნეგატიური ქცევის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არასწორია. მან უნდა იცოდეს, რომ ყურადღებიანობასა და ენის მიტანას შორის დიდი განსხვავებაა. ბავშვმა არ უნდა დამალოს, როდესაც სხვა ბავშვის სახიფათო და ნეგატიური ქცევის შემსწრე ხდება. ის მშობელს მსგავს საკითხებზე გულწრფელად უნდა ესაუბრებოდეს, რათა სერიოზულ პრობლემებს თავი აარიდოს.ბავშვი სირთულეებთან გამკლავებას დედასთან და მამასთან ერთად უნდა ცდილობდეს.

  • და-ძმასთან მეტოქეობა

თქვენს შვილებს შორის მეტოქეობა თუ არსებობს, პრობლემის მიზეზი აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ. არ მისცეთ ბავშვებს უფლება, რომ ერთმანეთს ფიზიკური ტკივილი მიაყენონ. ისინი ერთ გუნდად უნდა შეიკრან და ყველა პრობლემა თანამშრომლობით გადაწყვიტონ. ბავშვებს ერთმანეთის გრძნობების პატივისცემა უნდა ასწავლოთ. თქვენს თითოეულ შვილთან დრო თანაბრად უნდა გაატაროთ, რათა მათ შორის კონფლიქტი არ გაღვივდეს.

  • ქურდობა

ბავშვს ქურდობაზე თუ წაასწრებთ, მის მიმართ აგრესიას ნუ გამოხატავთ. თქვენი შვილის ქცევის მოტივი გამოიკვლიეთ და მას კარგად აუხსენით, თუ რატომ არის სხვისი ნივთის მოპარვა მიუღებელი საქციელი. ბავშვს უთხარით, რომ მოპარული ნივთი პატრონს დაუბრუნოს და მას ბოდიშიც მოუხადოს. თუ ბავშვი ქურდობას კვლავ განაგრძობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ, რათა პრობლემა უფრო მეტად არ გამწვავდეს.

  • სხვების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება

ბავშვის სხვების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება უყურადღებოდ არასდროს დატოვოთ. მისი ქცევის მოტივები გაარკვიეთ და თქვენს შვილს აუხსენით, როგორ უნდა მართოს თავისი ქცევა. ბავშვმა უფროსების მშვიდად მოსმენა უნდა ისწავლოს. თუ თქვენი შვილი სხვებისადმი უპატივცემულო ქცევას კვლავ გააგრძელებს, მას ყველა პრივილეგია ჩამოართვით, რომლითაც სარგებლობს.

  • ტყუილის თქმა

ბავშვი თუ ხშირად იტყუება, ნუ გაღიზიანდებით. მას გულწრფელობისა და სიმართლის თქმის მნიშვნელობა კარგად აუხსენით. დაფიქრდით, როგორ უნდა დასაჯოთ ბავშვი მისაღები და პოზიტიური ფორმით, რათა მან სიცრუის თქმა შეწყვიტოს. თუ ბავშვი თქვენს მოტყუებს ძველებურად განაგრძობს, შესაძლოა, მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს, რის გამოც სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია.

  • მოუთმენლობა და წუწუნი

მოუთმენლობის წუწუნით გამოხატვა სერიოზული პრობლემაა. ბავშვს აუხსენით, რომ მან ნორმალურად უნდა ისაუბროს. თუ ის კვლავ წუწუნით მოგმართავთ, გაარკვიეთ, რატომ ვერ ახერხებთ თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანთან მშვიდად საუბარს. ბავშვთან გულწრფელად გაისაუბრეთ და აუხსენით, რომ მას უფრო მეტი სერიოზულობა და მოთმინება მართებს.

  • უხეში მანერები

ბავშვს კარგები მანერების ათვისების პროცესში ზედმეტად ნუ დატვირთავთ. მას ხშირად შეახსენეთ, რომ სხვების მიმართ ყურადღებიანი უნდა იყოს. აუცილებელია, რომ ოჯახის ზრდასრული წევრები ღირსეულად იქცეოდნენ, რადგან ბავშვები მათ ქცევებს იმეორებენ. 

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად