Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს სჭირდება, რომ მამის ხატი არ იყოს ნეგატიური...მშობლის ხატი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვისთვის მშობლის ხატის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხატი აქვს ბავშვს მამის ან დედის. პასუხი ხშირად არის, რომ ბავშვი თვითონ მიხვდა, რომ მამა ან დედა არის ცუდი, მე არაფერი მითქვამს მისთვის ცუდი. თუ არაფერი უთქვამთ მშობლებს პირადად მისთვის, ბავშვს ესმის, რომ მშობლები ასე მეტყველებენ, ასეთ რამეს ამბობენ. ბავშვს ესმის მაშინ, როდესაც ძინავს, მაშინ, როდესაც თამაშობს, როდესაც არ არის სახლში, მაშინაც ესმის. ის გრძნობს, ემოციური ველი აქვს ასეთი.“

მარინა კაჭარავამ ერთ-ერთი ბიჭის შემთხვევის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მამის ნეგატიური ხატის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა:

„იყო ასეთი შემთხვევა, 16 წლის ბიჭი იყო, მამა მისთვის იყო მთლიანად შავი ლაქა ცხოვრებაში. ამ ბიჭს ჰქონდა ხასიათის შიზოიდური ხაზები. დედამისს ვკითხე, ჰქონდა თუ არა შვილისთვის მამაზე რაიმე მოყოლილი. დედამ მიპასუხა: „მამამისი არაკაცია“ და რა უნდა მქონდეს მოყოლილი.“ ბავშვს მივეცი დავალება, რომ მამაზე 10 დადებითი თვისება მოეფიქრებინა. მან მითხრა, რომ არცერთი დადებითი თვისება არ ჰქონდა მამას. ეს არ სჭირდება მამას,​ ეს სჭირდება ბავშვს, რომ მამის ხატი არ იყოს ნეგატიური. რომ მოვიდა ეს ბიჭი, ძალიან ბევრი რამ ჩამოთვალა. თურმე მამა იყო ნიჭიერი, კარგი პროფესიონალი, კარგი მეგობარი, იუმორის გრძნოობით.“

„რაღაც, რაც ხელმოსაკიდი არის, ის ბავშვისთვისთვის უნდა იყოს შეთავაზებული. მესმის, რომ მშობელი თვითონ გაბზარებულია, შეურაცხყოფილია შეიძლება, მაგრამ ბავშვი თავის თავს აბრალებს ამას. მას ჰგონია, რომ ეს მის გამო მოხდა. დედასთანაც აღარ აქვს კარგი ურთიერთობა. ავტორიტეტი არ არსებობს მისთვის, არაფერი წმინდა აღარ არსებობს,” - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​„ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“

წაიკითხეთ სრულად