Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი? - ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე

რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი? - ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე

ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძემ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის მიმანიშნებელი სიმპტომების შესახებ ისაუბრა:

„D ვიტამინის დეფიციტი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. იშვიათად შესაძლებელია ახალშობილებში ყიფლიბანდის გვიან დახურვა იყოს, ფეხის ადგმა იყოს დაგვიანებული, ოფლიანობა იყოს გამოხატული. ღრმა დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ძვლების დეფორმაციით და ა.შ.“

ნათია ვაშაყმაძის თქმით, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა შემთხვევაში D ვიტამინის დონის შეფასება სიმპტომების არარსებობის მიუხედავად საჭიროა:

„არსებობს გარკვეული ​რისკ-ფაქტორები, როდესაც რეკომენდებულია, რომ D ვიტამინის დონე შეფასდეს, იმის მიუხედავად აქვს თუ არა ადამიანს სიმპტომი. ერთ-ერთი არის მზის ნაკლებობა, თუ დღის პერიოდის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს შინ ვატარებთ, ასევე ბუნებრივად მუქი ფერის კანი. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო უჭირს მას D ვიტამინის წარმოქმნა.“

„სიმსუქნე ბავშვებშიც და დიდებშიც ხელისშემწყობია D ვიტამინის დეფიციტის განვითარების. გარდა ამისა გარკვეული მედიკამენტები, მზისგან დამცავი კრემებიც აფერხებს მნიშვნელოვნად D ვიტამინის წარმოქმნას. D ვიტამინის დანამატების და მისგან სარგებლის მიღებას აზრი აქვს მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია ვაშაყმაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად