Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვების შესახებ

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვების შესახებ საუბრისას ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომელიც ბავშვს მყარ კვებაზე გადასვლისას უნდა მივცეთ:

„როდესაც ვიწყებთ დამატებით კვებას, ბავშვს უნდა დავუწყოთ ქარხნული წესით დამზადებული ფაფებით კვება. ის ძირითადი ინგრედიენტები, რომელიც დანამატის სახით შედის ბავშვთა კვებაში, გათვლილია პატარას სწორ ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაზე. აუცილებლად საკვები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვი მიეჩვიოს ღეჭვითი რეფლექსების შესრულებას. პირველი ღეჭვითი რეფლექსი ბავშვს 4 თვის ასაკიდან უმუშავდება. ბრუნვითი ღეჭვითი რეფლექსები უვითარდება 12 თვის ასაკიდან. ფაფები უნდა იყოს ისეთი კონსისტენციის, რომ ბავშვმა შეძლოს ის შემოაბრუნოს პირში, დაღეჭოს. ეს აუცილებელია შემდგომში უკვე ბავშვის პირის აპარატის, მისი არტიკულაციის, ღეჭვითი რეფლექსების გამომუშავებისთვის. იმისთვის, რომ  3-4 წლის ასაკამდე ბავშვი არ იყოს მიბმული დაბლენდერებულ საკვებზე. კვება დავუწყოთ კოვზით უსათუოდ და ბავშვი არ იყოს მიჩვეული ბოთლით კვებაზე. ზოგიერთი 3 წლის ასაკამდე ბოთლით კვებავს ბავშვს, იმიტომ, რომ მიაჩვიეს ასე. ბავშვს უბლენდერებენ, უთხელებენ ფაფებს, ოღონდ როგორღაც შეჭამონ. ამას მე ვეძახი ქცევით დევიაციას, რომელსაც მშობლებიც ჩავდივართ, რომ გავიმარტივოთ ცხოვრება. ქართველებს გვაქვს ასეთი პრობლემა, რომ ბავშვმა ოღონდ ჭამოს და რა სახითაც უნდა იმ სახით მიიღოს, ნებისმიერი სახით.

თავდაპირველად ვიწყებთ ბურღულის ფაფით. ყოველთვის დავიცვათ ექიმის რეკომენდაცია, რომელ თვეზე რომელი ახალი საკვები შევიტანოთ ბავშვთა კვებაში. 7 თვის ასაკიდან ჩავრთოთ ხორცი, ხორცის ბულიონი - არავითარ შემთხვევაში! ბავშვს არ აქვს ბულიონის გადამუშავების უნარი და ის ამოღებულია 2 წლის ასაკამდე. პირველ რიგში, ჩავრთოთ ფრინველის ხორცი, ქათმის ხორცი, ხბოს ხორცი. თევზი 8 თვის ასაკიდან შედის ბავშვის რაციონში. კვერცხის შეტანა ხდება 8-9 თვის ასაკიდან. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ მწყერის კვერცხს, რომელიც მარტივად მოსანელებელია და ჰიპოალერგიულია. ძროხის ცილა, რომელიც ძალიან ტოქსიურია, ბავშვისთვის ძალიან რთული მოსანელებელია. ძროხის რძე დავიწყოთ ერთი წლის ასაკიდან. 8 თვის ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ პურის გამოყენება. არავითარ შემთხვევაში პური არ უნდა იყოს ჩაფხვნილი საკვებში. პურის გამოყენებას ვიწყებთ იმიტომ, რომ ბავშვმა ღეჭვა ისწავლოს. ბებიები თვლიდნენ, რომ ჩაფხვნილი პურით უკეთ ნაყრდება ბავშვი, მაგრამ დანაყრებაში არ არის საქმე, საქმე სარგებლიანობაშია. რას ვაჩვევთ ბავშვს და რატომ ვაჩვევთ,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“ 

წაიკითხეთ სრულად