Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ჩამონათვალი იმ საკვების, რომელიც კატეგორიულად არ არის მისაღები გულისთვის,“- კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე

„ეს არის ჩამონათვალი იმ საკვების, რომელიც კატეგორიულად არ არის მისაღები გულისთვის,“- კარდიოლოგი არჩილ ჩუხრუკიძე

კარდიოლოგმა არჩილ ჩუხრუკიძემ გულისთვის სასარგებლო და საზიანო საკვები პროდუქტების შესახებ ისაუბრა:

„საზოგადოდ ცნობილია, რომ არის საკვების ჩამონათვალი, რომელიც გულისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგალითად, თევზი, ხილი, ბოსტნეული, ქათამი. არის ჩამონათვალი საკვების, რომელიც კატეგორიულად არ არის მისაღები გულისთვის, მაგალითად, ცხვრის ხორცი, ღორის ხორცი, სოსისები, ძეხვი და მსგავსი პროდუქტები. თევზის ყველანაირი სახეობა და ზღვის პროდუქტების ყველანაირი სახეობა, პირიქით, ძალიან კარგია გულისთვის. სამწუხაროდ, ხომ იცით ჩვენი მოხმარების წესი. მამაკაცები ძირითადად სად დადიან? სახინკლეში. თევზის რესტორანში იშვიათად დადიან. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ქვეყანა ვართ, სამწუხაროდ, ჩვენთან თევზის მოყვარულთა რიცხვი მაღალი არ არის.

ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ, რაღაც ასაკის მერე რისკ-ფაქტორების ქონის შემთხვევაში, თუ გულ-მკერდის უკან აქვთ მოჭერითი ხასიათის, წვის, მოხრჩობითი ხასიათის ტკივილი, უფრო ყურადღებით იყონ და მიაქციონ ყურადღება, რომ ეს გული არ იყოს. ეს კლასიკური ვარიანტია, როდესაც ადამიანი შეიძლება დაფიქრდეს. სტენოკარდიას აქვს სხვაგვარი გამოვლინებები. გვყავდა პაციენტები, რომლებსაც თავის ტკივილი აღენიშნებოდათ, ტკივილი თითების მიდამოში, ზედა ყბის ტკივილი, ტკივილი მუცლის მიდამოში. ესეც შეიძლება გულიდან იყოს. ამიტომ ოჯახის ექიმიც უნდა იყოს ყურადღებით. შემდეგ კარდიოლოგს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ დიფერენცირება მოახდინოს, არის თუ არა ეს გულიდან. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც კუჭის ტკივილით მივიდა პაციენტი გასტროენტეროლოგთან და შემდგომ კარდიოგრამაზე აღმოჩნდა ინფარქტი,“ - მოცემულ საკითხზე არჩილ ჩუხრუკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად