Baby Bag

რა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას მისი სხვასთან შედარება? - ქოუჩი კახი ლობჟანიძე

ქოუჩმა კახი ლობჟანიძემ ბავშვის სხვასთან შედარების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის თვითშეფასებას ზიანს აყენებს, როდესაც მას სხვას ვადარებთ:

„სხვისი კარგის აღნიშნვა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ იმ კონკრეტულ სფეროს, რომელშიც ბავშვია, არ არის კარგი. თუ ჩემი შვილი თამაშობს ჩოგბურთს და მე სხვაზე ვეუბნები, რომ ის კარგია ჩოგბურთში, ეს ბავშვისთვის ძალიან რთულია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოდი, ვისწავლოთ რაღაცები ამ ადამიანისგან და არა ის, რომ ის ცალსახად არის ძალიან კარგი და შენ არ ხარ კარგი. ამ დროს ადამიანს ვურღვევთ საკუთარ თავთან სიყვარულს და ვაიძულებთ, რომ უყვარდეს არა საკუთარი თავი, რომელმაც შრომა უნდა ისწავლოს, არამედ ვიღაც სხვებზე უნდა გადაიტანოს ის სიყვარული, რომელმაც რაღაც შეძლო.

ჩვენ არაფერს არ გვაძლევს ის, რომ ვიღაც სადღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს ან დროებითი, აფექტური მოტივაცია მოგვცეს, რომელიც რუტინაში როდესაც გადავალთ, გვეკარგება. წარმატებას და ნამდვილ საქმეს ვპოულობთ, როდესაც გამოწვევების, პრობლემების და რუტინის დროსაც მაინც ვახერხებთ, რომ ის საქმე შევასრულოთ, რომელსაც ვაკეთებთ,“- მოცემულ საკითხზე კახი ლობჟანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ შეიძლება წააგოს, მაგრამ არ უნდა გაღიზიანდეს?

როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ შეიძლება წააგოს, მაგრამ არ უნდა გაღიზიანდეს?
როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ შეიძლება წააგოს, მაგრამ არ უნდა გაღიზიანდეს? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი სოფო მელაძე.
- როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ხანდახან შეიძლება წააგოს და არ უნდა გაღიზიანდეს?
- პირველ რიგში, გაღიზიანებას წაგების დროს ხელს ძალიან უწყობს ოჯახური გარემო. თუ ბავშვის მშობლები ზედმეტად მომთხოვნები და კრიტიკულები არიან, მაგალითად, წადი, ახლა ითამაშე და მოიგე, არ წააგო, იცოდე - ამ მესიჯით ბავშვი აუცილებლად ეცდება ყველანაირი გზით მოგებას და წაგების შემთხვევაში ძალიან გაღიზიანდება.
მნიშვნელოვანია, მიუხედავად გაღიზიანებისა, ბავშვი არ მოვარიდოთ მსგავს სიტუაციებს, პირიქით, ვიმუშავოთ ამის გამოსწორებაზე, რომ უფრო ნაკლებად ემოციურად აღიქვას წაგება. არ ავუკრძალოთ ემოციების გამოხატვა, რადგან აქვს უფლება, იყოს მოწყენილი და გაბრაზებული როცა წააგებს, მაგრამ არა თვითდამაზიანებელი ან სხვისი დამაზიანებელი ქცევითი გამოხატულებით. აქ მნიშვნელოვანია დროც, ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს წაგებიდან 1-2 საათის შემდეგაც. შეიძლება ახსოვდეს, მაგრამ ემოციური ფორმა ნელ-ნელა უნდა დასტაბილურდეს.
როგორ ავუხსნათ წაგება? ალბათ, მოდელირებით. ხშირად დედამაც წააგოს, მამამაც, ოჯახის სხვადასხვა წევრმა და ეს სოციალურად მისაღები ფორმით გამოხატონ ფრაზით - „არაუშავს, სხვა დროს იქნებ მოვიგო, კიდევ მექნება თამაშის შანსი.“
ასევე მნიშვნელოვანია, რომ წაგების მომენტში, როცა პირველი ემოციური ფონი გადაივლის, მიმართოთ ბავშვს და პროცესზე გაუმახვილოთ ყურადღება და არა შედეგზე - „დღეს რა კარგი თამაში იყო არა?“ „როგორ ვიცინეთ, როგორ ვიმხიარულეთ, მამას რომ ფეხი გაუცურდა გახსოვს?“ გაუმახვილეთ ყურადღება საინტერესო და სასაცილო დეტალებზე, უთხარით გარკვეული მოქმედება რა კარგად გააკეთა - „მაინც რა მაგარი გოლი იყო წეღან, რა ძლიერი ხარ!“
საითაც მივმართავთ ბავშვის ყურადღებას, მასზე გაამახვილებს. ვასწავლოთ აქედანვე პროცესით ტკბობა.
- გარდა მხარდაჭერისა, რა ქცევა შეგვიძლია შევთავაზოთ?
- „ერთად კეთება“. წარმოიდგინეთ, როცა არ გრძნობთ თავს კარგად და რაღაც არ გამოგდით, როგორი სასიამოვნო მოსასმენია, როცა ვინმე დახმარებას გთავაზობს და ცდილობს გაგაკეთებინოს უკეთესად. ჩვენ შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ერთად გავაკეთებთ ამას, სანამ უკეთესი შედეგი არ ექნება და დავეხმარებით.
გამოიყენეთ საინტერესო ფილმები და ანიმაციები, სადაც ნაჩვენებია, რომ მთავარი გმირებიც მარცხდებიან ზოგჯერ, წიგნის პერსონაჟებიც, მაგრამ ისინი არ ნერვიულობენ ბევრს, სხვა დროს ისინი მოიგებენ.
- თუ მას არ ვუბიძგებთ გააცნობიეროს წაგება, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან მომავალში?
- პირველ რიგში, გაუჭირდება მომავალში ჯანსაღი თვითშეფასების შენარჩუნება, ძალიან თვითკრიტიკული იქნება, შესაძლოა თავი აარიდოს ყველანაირ საინტერესო გამოწვევას იმის შიშით, რომ არ წააგოს. შესაძლოა გაუჭირდეს ურთიერთობების დამყარება, რადგან ის ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ გამარჯვებაზე და ნაკლებად გუნდურია. როცა ჩვენ ვსწავლობთ დამარცხებას, მეტად ემპათურებიც ვხდებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვა დროს წააგებენ. 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად