Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარხვა ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია,“- ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე

„მარხვა ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია,“- ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე

ენდოკრინოლოგმა ლიკა თეთრაძემ მარხვის პერიოდში ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მარხვა ჯანმრთელი ადამიანისთვის მხოლოდ კარგის მომტანია:

„მარხვა სულიერი ასპექტების გარდა, კვებით ჭრილში ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია. ხდება განტვირთვა ცხოველური საკვებისგან წელიწადში რამოდენიმეჯერ. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულები, მეძუძურები, ასევე მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ადამიანმა გადაწყვეტილება ექიმთან და მოძღვართან შეთანხმებით უნდა მიიღოს. მთელ რიგ შემთხვევაში მხოლოდ დანამატები არის ხოლმე საკმარისი, რომ მარხვის პერიოდი გავიაროთ. დანამატების დამატების შემთხვევაში მათ სრულად შეუძლიათ დაიცვან მარხვა.

ზრდასრულმა, ჯანმრთელმა ადამიანებმა, რომლებიც სრულად მარხულობენ, უპირატესობა უნდა მიანიჭონ აუცილებლად ჯანსაღ კვებას. ეს ყველაფერი არ უნდა გადავიდეს შემწვარი კარტოფილისა და ლობიანის იმედად. ბევრს ვეკითხები, დილით საუზმეზე რას იღებენ. საუზმე ყველაზე რთულია, სხვათა შორის, მარხვაში. ძირითადად არის ჯემი და პური, თაფლი და პური. ეს არ არის საუზმე. კარგია ფაფის ვერსია, ჩია, ხილი, შვრია. შეგიძლიათ ერთი-ორი ლებანი თხილი მიაყოლოთ. ეს ფანტასტიკური საუზმეა. არის ხალხი, ვისაც შეუძლია აჯაფსანდალით დაიწყოს საუზმე. არაფერს არ ვერჩი. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ჯემით დაწყება. შესაძლოა, ვიღაცამ დაიწყოს ისპანახით, ავოკადოთი,“- აღნიშნულ საკითხზე ლიკა თეთრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად