Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე მესმის, რატომ არიან ბავშვები ასე მიჯაჭვულები TikTok-ზე, მათ ნამდვილად არ გააჩნიათ ალტერნატიული საქმიანობა," - ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი

„მე მესმის, რატომ  არიან ბავშვები ასე მიჯაჭვულები TikTok-ზე, მათ ნამდვილად არ გააჩნიათ ალტერნატიული საქმიანობა," - ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი

ფსიქოლოგმა თამარ თანდაშვილმა იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მოზარდებს სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება უქმნის:

„მოზარდებში ​იმ შვიდი საათიდან, რომელსაც ისინი ეკრანთან ატარებენ, აქედან უმეტესობა ეთმობა TikTok-ს. ის კარგის არაფრის მომტანი არ არის. თინეიჯერებში იწვევს ისეთ აშლილობებს, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, დამოკიდებულების განვითარება.“

თამარ თანდაშვილის თქმით, ბავშვები TikTok-ს იმიტომ ეჯაჭვებიან, რომ მათ არ აქვთ ალტერნატიული საქმიანობა:

„მე მესმის, რატომ არიან ბავშვები ასე მიჯაჭვულები TikTok-ზე. მათ ნამდვილად არ გააჩნიათ ალტერნატიული საქმიანობა. ახლა ცოტა მივილიეთ კოვიდი და პოსტკოვიდურ პერიოდში გადავდივართ. ერთ-ერთი მთავარი წამალი, რაც ამ დროს ბავშვებს შეგვიძლია მივაშველოთ, არის ხელოვნების თერაპია. ნებისმიერი ტიპის ხელოვნებითი საქმიანობა, ​რომელიც არის ჩამთრევი, პირდაპირ მათ ემოციებზე გადის, არის საკმაოდ შრომატევადი, თუმცა ეს შრომა ბავშვისთვის მძიმედ არ აღიქმება. ამით ჩვენ ბავშვს საშუალებას ვაძლევთ, რამდენიმე საათის განმავლობაში დაუნაწევრებელი ყურადღებით ჩართულები იყვნენ საქმიანობაში, სადაც არამხოლოდ მათი თვალები მონაწილეობს, სხეული არის ჩართული შემოქმედებაში.“

„რატომ მაინცდამაინც თერაპია? რატომ ვხედავ ამას, როგორც პანაცეას? თერაპიული ნაწილი სად არის? ​ხელოვნება ბავშვებს ყურადღებას უვითარებს, უბრუნებს იმ საწყის მდგომარეობაში, რომელიც ჰქონდათ სოციალურ ქსელებამდე. სოციალური ქსელების სამყარო არის სპეციალურად მოწყობილი ისე, რომ იქ მოვიდეს ჩვენთვის ყველაზე სასურველი და ლამაზი სტიმულები. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შვილი არის კარგ ხასიათზე, მოძრაობს, ცეკვავს, ამაში ჩვენ ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ თანდაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად