Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალი ტყუვდება კაცის სიტყვით და კაცი რითი ტყუვდება? ქალის სინაზით,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ცოლ-ქმრული ურთიერთობების პრობლემებზე

„ქალი ტყუვდება კაცის სიტყვით და კაცი რითი ტყუვდება? ქალის სინაზით,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ცოლ-ქმრული ურთიერთობების პრობლემებზე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„ხშირად მომყავს ხოლმე ელიოტის ეს სიტყვები: „სიყვარული არის არა იქ, სადაც ორი ერთმანეთს უყურებს, არამედ სიყვარული არის იქ, სადაც ორი მესამეს უყურებს.“ საჭიროა ახალგაზრდებმა გააცნობიერონ ცხოვრების საზრისი და მიზანი. სანამ დაქორწინდებიან, გააცნობიერონ, ის ადამიანი ისწრაფვის ღვთისკენ თუ არ ისწრაფვის. როგორი მეგობარი იქნება ის ადამიანი? როგორი დედა ან მამა იქნება? რა ზნეობრივი ღირებულებები აქვს მას? ძალიან ხშირად ტყუვდებიან ხოლმე ქალები. ქალები ტყუვდებიან იმიტომ, რომ მას სიტყვით უყვარდება. კაცი, რომელიც სიყვარულობანას თამაშობს, ის ძალიან ლამაზ სიტყვებს ისვრის. ქალს ესმის ეს და აღარ იცის რა ქნას. კაცი ამ შემთხვევაში საკუთარ თავს ატყუებს და ქალიც მოტყუებული აღმოჩნდება.“

„ქალი ტყუვდება კაცის სიტყვით და კაცი რითი ტყუვდება? ქალის სინაზით. ქალს, როდესაც გათხოვება უნდა, ნაზია. როდესაც დაქორწინდებიან, აღმოჩნდება, რომ ეს ქალი არც ისე ნაზი ყოფილა, საკმაოდ ავი და კაპარჩხანაა. ეს კაციც არ ყოფილა რაინდი, ტკბილი სიტყვები სულ დაავიწყდა და გადავიდა დედის გინებაზე. ცოლ-ქმრობა თუ ერთმანეთის დახმარებაა, შენ თვითონ არ იცი სად მიდიხარ, წარმოდგენა არ გაქვს არაფერზე, არ იცი, რა ჯოჯოხეთს ატარებ საკუთარ თავში, როგორც ადამიანი, ვერ აკონტროლებ შენს ეგოიზმს, დესპოტიზმს, ძალაუფლების სიყვარულს და სხვას როგორ დაეხმარები?! პრობლემაა სიმშვიდის არქონა, ელემენტარული რაღაცების არცოდნა. მაგალითად, კაცს აქვს მძიმე სამსახური, მოვიდა ოჯახში. მან ზღურბლს იქით უნდა დატოვოს თავისი გაღიზიანება, მაგრამ მოვიდა სახლში გაღიზიანებული. შენ მთელი დღე შენს საყვარელ მეუღლეს ელოდები. ის მოვიდა გაღიზიანებული, შენც ფეთქდები. ვერც კაცი ითვალისწინებს, როგორ ელოდებოდა ქალი. ვერ ხვდებიან რა მდგომარეობაშია თვითონ, რა მდგომარეობაშია მეუღლე,“- აღნიშნა მამა თეოდორე გიგნაძემ.

წყარო:​ „დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებები“

წაიკითხეთ სრულად