Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გული მტკივა, როდესაც მშობელი უკრძალავს ბავშვს თამაშს, რომ ბავშვმა არ დაისვაროს შარვალი,“- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნანა ნაცაური

„გული მტკივა, როდესაც მშობელი უკრძალავს ბავშვს თამაშს, რომ ბავშვმა არ დაისვაროს შარვალი,“- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ნანა ნაცაური

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტმა ნანა ნაცაურმა ბავშვის ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, შვილებს სახლში თამაშისთვის შესაბამისი გარემო შეუქმნან:

„ბავშვისთვის ძალიან ბევრი აქტივობის შეთავაზება შეიძლება. მე მიწევს ხოლმე შინ მისვლა ბავშვებთან. მთავარია, ოჯახში იყოს სკამი, ჯამი, მაგიდა, რის ქვეშაც გავძვრებით. ერთხელ რომ აუწყობ ბავშვს თამაშს, ის უკვე უკეთესად ახერხებს თამაშის სხვადასხვანაირად აწყობას. ძალიან მარტივია ეს. საერთოდ არ საჭიროებს ბავშვი ძვირიან სათამაშოებს. გერმანიაში ერთი მასწავლებელი ქალბატონი იყო, მან მითხრა: „ბავშვს სამი რამ სჭირდება: ქვა, ქვიშა და წყალი. ამას თუ მისცემ, მას მეტი არაფერი აღარ დასჭირდება. ეს არ უნდა დავინახოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალება ცხოვრებაში. ეს ბავშვის ერთგვარი საქმეა. მათი საქმეა, რომ ითამაშონ.“

„მე რასაც ვუყურებ და ძალიან გული მტკივა, რომ მშობელი უკრძალავს ბავშვს თამაშს, რომ არ დაისვაროს შარვალი. ეუბნება: „არ ირბინო, გაოფლიანდები,“ „ფეხშიშველა ნუ დადიხარ, არ შეგცივდეს.“ მარტივი უფლებების მიცემაა საჭირო, რომ ბავშვმა შეძლოს თამაში, დასვრა, სამყაროს გაცნობა. მოტორული განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ხელების მაღლა აწევა და ჩამოწევა შემეძლოს. ცვრიან ბალახზე რომ გაივლით, ვიზუალურად აღიქვამთ, ეხებით, ცდილობთ, რომ ბალანსი დაიცვათ. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს მისცეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და ამისთვის შეუქმნათ კარგი გარემო,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა ნაცაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად