Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ავადობს, დედის რძის შემადგენლობა იცვლება და იმუნიტეტს გადასცემს ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას ებრძვის,“ - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

„როდესაც ბავშვი ავადობს, დედის რძის შემადგენლობა იცვლება და იმუნიტეტს გადასცემს ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას ებრძვის,“ - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

მედიცინის დოქტორმა ვერიკო ბაზიარმა ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის რძე ბავშვის საჭიროების მიხედვით მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ვერიკო ბაზიარის თქმით, ბავშვის ავადობის დროს დედის რძე მის ორგანიზმს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს აწვდის:

„ყველაზე მეტად გული მწყდება, როდესაც ბავშვს არ აჭმევენ ძუძუს. ეს კიდევ ცალკე თემაა. ძუძუთი კვების დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა ქალის ორგანიზმში, ასევე ბავშვის ორგანიზმშიც. ეს სიყვარულის ჰორმონია. საოცრება არის ის, თუ როგორ იცვლება რძე ბავშვის კვებისას. როდესაც დედის ორგანიზმში აღარ არის ბავშვი და ბავშვი ავადობს, რძის შემადგენლობა იცვლება იმგვარად, რომ იმუნიტეტს გადასცემს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ანთებას ებრძვის. დედას რძეში ძალიან ბევრი იმუნოგლობულინი აქვს. ეს იმუნოგლობულინი იმ ტიპისაა, რა ინფექციაც აქვს ბავშვს. ის ზუსტად მორგებულია იმას, რაც სჭირდება ბავშვს.

დილით, შუადღეს და საღამოს რძე იმ შემადგელობისაა, რაც ბავშვს სჭირდება. ღამის რძეში სხვა შემადგენლობაა, დღის განმავლობაში - სხვა. ეს წყვილი დედისა და ბავშვის ურთიერთობას არ წყვეტს მას შემდეგ, რაც უკვე ერთად აღარ არიან. საოცრებაა დედისა და შვილის ურთიერთობა,“- აღნიშნა ვერიკო ბაზიარმა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად