Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთ ქალს აქვს პირველი მშობიარობის ცუდი გამოცდილება, განმეორებით ამ გზის გავლა არ უნდა და ითხოვს საკეისროს,“- მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია

„ზოგიერთ ქალს აქვს პირველი მშობიარობის ცუდი გამოცდილება, განმეორებით ამ გზის გავლა არ უნდა და ითხოვს საკეისროს,“- მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია

მეან-გინეკოლოგმა ნიკოლოზ კინტრაიამ ქალებში მშობიარობის მიმართ არსებული შიშების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია და ქალისთვის რისკს არ წარმოადგენს:

„მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია და რისკი არ არის. ის ნორმალურია და ქალის ორგანიზმი მომზადებულია ამისთვის, თუ სწორად არის ნამართი ანტენატალური პერიოდი. მშობიარობის დროს დაბალი რისკის ქვეშ რომ იყოს ქალი, ამისთვის აუცილებელია ანტენატალური პერიოდის სწორად მართვა. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემს პაციენტებს, რომ ნაყოფზე გარკვეულწილად პასუხს აგებს ის, ვინც მართა ანტენატალური პერიოდი. ვისაც უნდა, რომ იმშობიაროს ჩემთან, ვცდილობ, რომ ანტენატალური მეთვალყურეობის დროსაც იყოს ჩემთან.

მშობიარობის დროს არის იქ რაღაც ნიუანსები, რომელსაც აუცილებლად უნდა ყურადღების მიქცევა. მშობიარობა დიდ რისკთან არ არის დაკავშირებული. ეს საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ საკეისრო არ არის მარტივი გამოსავალი და ალტერნატივა მშობიარობის. ფიზიოლოგიური მშობიარობა სჯობს და თუ რისკებზეა საუბარი, უფრო ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული ფიზიოლოგიური მშობიარობა, ვიდრე საკეისრო კვეთა.

სამწუხაროდ, გამოცდილებაც სხვადასხვაა. ზოგიერთ ქალს აქვს ცუდი გამოცდილება პირველ მშობიარობასთან დაკავშირებით. რთული მშობიარობა ჰქონდა, გართულდა რაღაც, მაშა დასჭირდა ან ვაკუუმი დასჭირდა. ქალს ეშინია განმეორებით ამ გზის გავლა და ითხოვს საკეისროს გაკეთებას. მათთან ცალკე არის სამუშაო ანტენატალურ პერიოდში. განმეორებით მშობიარეებს წესით და რიგით გამოცდილება უფრო დადებითი აქვთ ხოლმე. ამერიკელები იყენებენ ამ გამოცდილებას და მრავალჯერ ნამშობიარები ქალი ხშირად ესწრება მშობიარობას. მას არ აქვს არანაირი სამედიცინო განათლება, უბრალოდ გამოცდილება აქვს მშობიარობის და პირველმშობიარეს ეხმარება მშობიარობის დროს,“- მოცემულ საკითხზე ნიკოლოზ კინტრაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად