Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თანამედროვე ბავშვების აზროვნება უფრო დაწინაურებულია, ამათ უფრო მეტი ნიჭიერება მოაქვთ, ვიდრე ჩემმა თაობამ მოიტანა,“ - შალვა ამონაშვილი

პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი „იმედის დღეში“ თანამედროვე ბავშვებთან ურთიერთობის და მათთან გამოყენებული სწავლების ახალი მეთოდების შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ბავშვებს ფიქრი არ უყვართ და ისინი დაფიქრებას უნდა მივაჩვიოთ:

„ბავშვის წესი ასეთია: არ ფიქრობს და ამბობს. კითხვას რომ აძლევს მასწავლებელი, ბავშვს არც ესმის რა იკითხა და ხელს იწევს უკვე, განსაკუთრებით პირველ კლასში. მას ხელის აწევა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია. ბავშვი ხომ უნდა შევაჩვიოთ, რომ ჯერ მოიფიქროს. ბავშვს თითებს ვუჩვენებ, ჯერ ერთს, მერე ორს, მერე ისევ ორს, ის კი სამს იძახის. შემდეგ ვაფრთხილებ, რომ ჯერ დაინახოს და მერე თქვას, მაგრამ სწრაფად. ენა არ უნდა გისწრებდეს. ჩვენი ცხოვრების მრავალი შეცდომა ენით არის გამოწვეული.“

შალვა ამონაშვილის თქმით, როდესაც მასწავლებელი კითხვას სვამს, ბავშვებმა მას პასუხები ჩუმად უნდა გასცენ, რათა კლასმა მოტივაცია არ დაკარგოს:

„როდესაც პასუხი უნდა მივიღოთ, თუ ერთი ბავშვი ხმამაღლა იტყვის, სხვა ბავშვებისთვის ეს ამოცანა დაკარგავს მნიშვნელობას. თუ ბავშვი მოდის ჩემთან და სწორ პასუხს ჩურჩულით მეტყვის, მივხვდები, რომ ის ძლიერია. ამიტომ, უნდა დავაბნიო ბავშვი, უფრო მეტ სიძნელეს შევაჭიდო. ვეტყვი, რომ არ არის მართალი და კიდევ გადაამოწმოს, ასე ავუმაღლებ თამასას. თუ ვინმეს უჭირს და მეჩურჩულება, მას მისახვედრ კითხვას მივცემ. ასე გამოვა, რომ ერთი გაკვეთილი ყველასთვის ცალ-ცალკე გაკვეთილია.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მთავარია, რომ ბავშვს აზროვნების წესი განვუვითაროთ:

„თუ ჩვენ ბავშვს არ განვუვითარეთ აზროვნების წესი, ის ბევრს ვერაფერს მოიგებს ცხოვრებაში. მიხვედრა, განცდა, სწრაფად ამოხსნა, ძლიერი ინტერესის გაჩენა, ეს ყველაფერი აზროვნების ატრიბუტიკაა. ამას ვცდილობ ბავშვებთან. ასეთი გაკვეთილი 100 რომ ჩავუტარო, ბავშვები სულ სხვა გახდებიან. ბავშვს სითამამე უნდა შესძინო, უნდა უთხრა: „შენ ნუ გეშინია!“ ბავშვს უნდა ურჩიო, რომ მოესიყვარულოს მაგალითს, ჯადოსნურ კვადრატს, საკუთარ თავს უთხრას: „მე მათემატიკოსი ვარ, მე მიყვარს სიძნელე.“ მე გავამხნევე ბავშვი, რომ არ გამემხნევებინა ბავშვები, ბევრი ამოცანას ვერ გაიგებდა.“

„თანამედროვე ბავშვები ჩემი თაობის ბავშვებისგან განსხვავდებიან. მეც ხომ ვიყავი მეოთხე კლასში, მე ასეთ დავალებას მასწავლებელი ვერ მომცემდა, განა იმიტომ, რომ ვერ მოძებნიდა. მე ვერ ამოვხსნიდი, ის ვერ მიმიყვანდა ამ დონემდე. თითქოს ჭკვიანი კაცი ვარ, მაგრამ მე სხვა თაობა ვარ. თანამედროვე ბავშვების აზროვნება უფრო დაწინაურებულია, ამათ უფრო მეტი ნიჭიერება მოაქვთ, ვიდრე ჩემმა თაობამ მოიტანა. ეს თაობა უნდა იყოს არა მომხმარებელი, არამედ მწარმოებელ-შემქმნელი, აღმომჩენი. ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ? არა! ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულში და გულშია,“ - აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.

წყარო: ​იმედის დღე


წაიკითხეთ სრულად