Baby Bag

„ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გაიზრდება...“ - შალვა ამონაშვილის რეკომენდაციები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებში ტყუილის თქმისკენ მიდრეკილების მიზეზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„ბევრი მშობელი ჩივის ხოლმე, რომ ბავშვი ტყუის და მართალს არ მეუბნებაო. როდესაც ბავშვი მართალს არ ამბობს, მიზეზი აქვს ამას. მას არ უნდა, რომ დედა ან მამა გააღიზიანოს. მშობლებმა რაღაც აუკრძალეს და იმან გააკეთა. ბავშვმა იცის, თუ გაამხელს, შეიძლება დასაჯონ, გაუწყრნენ. აქედან ორი გამოსავალია. ერთი, რომ ვიცი ბავშვი მატყუებს და ხმას ვიმაღლებ: „როგორ ბედავ, შვილო, ჩემთან ტყუილს?“ ვამხელ ბავშვს, კედელთან მივაყენებ: „განა ეს შენ არ გააკეთე?“ მერე ბავშვი იტყვის სიმართლეს და ატირდება. ამით ჩვენ თითქოს აღზრდა მოვახდინეთ, მაგრამ ეს არ არის აღზრდის წესი. ბავშვმა კი იტირა, მაგრამ წყენა რომ დარჩა გულში?! მან იტირა, მაგრამ ეს ტყუილი არსად წასულა, რადგან ის ელოდება, რომ ხვალაც თუ რაიმე მართალს ეტყვის დედას ან მამას, იგივე მოხდება. ამიტომ ეს ტყუილი რჩება და გადადის ჩვევაში.

ბავშვს და ჩვენც გვაქვს საიდუმლო განცდა ჩვენში. ამას ჰქვია სინდისი. სინდისი თანდაყოლილი განცდაა. სინდისმა ყოველთვის იცის, რა უნდა გავაკეთო და რა არ გავაკეთო. ბავშვმაც იცის, რომ ეს ცუდია და ეს კარგია, მაგრამ ცუდს მიეტანება, იმიტომ, რომ იქ მეტი ხალისია, აქ კი ყველაფერი მწყობრშია. ბავშვს თავი მოვაჩვენოთ, ვითამაშოთ, რომ ვითომ დავიჯერეთ მისი ნათქვამი. ჩემი გამომეტყველება ბავშვს თითქოს არწმუნებს, რომ ეს ასეა. ბავშვი თავის თავში გრძნობს, რომ მე შეცდომაში შემიყვანა. მას სინდისი ნელ-ნელა ქენჯნას დაუწყებს. ის გრძნობს, რომ დედა ან მამა მიხვდა რაღაცას, მაგრამ ის მხილებული არ არის. მხილებული რომ არ არის, გულში იტანჯება ბავშვი. ეს არის დაწყებული სამი წლიდან, ძალიან მცირედ, მაგრამ 6-7 წლის ბავშვი ძალიან განიცდის ტყუილს. ზოგჯერ მოგადგება და გეტყვის: „დედა, მე ტყუილი გითხარი შენ.“ ეს იმიტომ, რომ დედამ არ დასაჯა ბავშვი, მიიღო შვილი ისეთი, როგორიც არის. მაშინ მადლობას ვეტყვით, არაფერიაო, ვეტყვით.

ბევრი იკითხავს: „როგორ? მატყუარა გავზარდო ჩემი შვილი?“ ეს იქნება მაშინ, როდესაც მე არ დავუფასე ბავშვს მართლის თქმა. რაღაც დროს ხომ იქნება ბავშვი მართალი? უნდა გამიკვირდეს, გამიხარდეს. განა ერთხელ ან ორჯერ? სამჯერ, თხუთმეტჯერ... ძილის წინ უნდა ვუთხრა მადლობა: „შვილო, შენ როგორი მართალი ბიჭი ყოფილხარ! რა გოგო მყოლიხარ, ასეთი გამბედავი! ძალიან მახარებ ასეთი ქცევით!“ იმ ერთ გმირობას ისე დავუფასებ ბავშვს, რომ ეს უფრო მეტი იყოს მისთვის, ვიდრე ტყუილის თქმა. ასეთ პირობებში ბავშვი მატყუარა არ გამეზრდება.

დასჯის პირობებში ბავშვი უფრო ძლიერი მატყუარა იქნება. რაც უფრო მეტია დასჯა, უფრო მეტად ხელოვნურად უნდა მოგატყუოს. როდესაც ის დაინახავს, რომ მის მიერ ჩადენილ საქციელს სასჯელები არ მოჰყვება, ბავშვს არ დასჭირდება ტყუილი. ტყუილი არ ჩნდება იმ ოჯახში, სადაც მშობლები ბავშვს უგებენ. იქ ბავშვს არ აქვს მიზეზი, რომ მოგვატყუოს ჩვენ. ხომ გაქვს დედის გული? თვითონ მიხვდები, რის გამო რას ამბობს ბავშვი. ის მიზეზი თუ მოუხსენი, აღარ დასჭირდება მას ტყუილი, უბრალოდ იფანტაზიორებს,”- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი იღებს ბოსტნეულს და ასაკის მიხედვით დღეში 800 გრამიდან ორ ლიტრამდე წყალს, ეს იგივე წვნიანი გამოდის,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ბავშვთა კვებაში წვნიანის გამოყენებასთან დაკავშირებით საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„წვნიანი ჩვენი გადმოსახედიდან არის ზოგ შემთხვევაში თერმულად სწორად დამუშავებული ბოსტნეული და ადუღებული წყალი. ზოგ შემთხვევაში არის დამატებული ხორცის წვნიანი, რომელიც ზოგჯერ არასწორად არის თერმულად დამუშავებული და მან შეიძლება მეტეორიზმის პრობლემები წარმოქმნას ბავშვებში. თუ ჩვენ ამ კონკრეტულ ინგრედიენტებს ცალკე მოვამზადებთ, მაგალითად, ცალკე მოვამზადებთ ბოსტნეულის პიურეს, იქ უფრო კარგად იქნება თერმულად დამუშავებული. ე.წ. წვნიანი სწორად უნდა შევაზავოთ საგემოვნო ნივთიერებებით, რომ ბავშვს მოეწონოს, ან მას მივაღებინოთ მომზადების პროცესში მონაწილეობა. თუ ბოსტნეული იქნება ცალკე მომზადებული და ბავშვი ასაკის მიხედვით მიიღებს 800 გრამიდან 2 ლიტრამდე წყალს, იგივე წვნიანი გამოვა.

პედიატრებს გვაქვს სპეციალური კვებითი რეჟიმები, რომლებსაც ბავშვებს ვთავაზობთ. ადრეული ასაკის ბავშვებში ოქროს სტანდარტი არის დედის რძე. ადრეულ ასაკში სწორად წარმართული ძუძუთი კვება ეპიგენეტიკურად განსაზღვრავს ბავშვმა მოზრდილობაში რა საკვები უნდა მიიღოს. ჩემი მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორი კვების პროპაგანდა. სწორი კვება გულისხმობს, რომ მთელი რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი და 20% ხორცი, ხორცის პროდუქტები, ცილა, რძე, რძის პროდუქტები.

წვნიანი თერმულად სწორად უნდა დავამზადოთ. ცალკე ბოსტნეულის მომზადება თერმულად 5-7 წუთში შეიძლება. წვნიანის მომზადებისას წყალი ზოგჯერ შეიძლება 15-20 წუთის განმავლობაში ადუღო. ამ დროის განმავლობაში იქ არსებული ინგრედიენტების ბიოლოგიური ღირებულება იკარგება, არც ვიტამინი გექნებათ, არაფერი აღარ გექნებათ. დაგრჩებათ გამომშრალი უჯრედისი და წყალი. სწორი კვება იქნება წვნიანით თუ წვნიანის გარეშე, ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ჩემი სამი შვილი არ იღებს ამ წვნიანს. ზოგჯერ შეიძლება თვითონაც მოუნდეთ და თვეში ერთხელ სპეციალურად მოვუმზადოთ. ბებიები განსაკუთრებით კარგად ამზადებენ წვნიანებს. ახალი თაობის მშობლები მეტ-ნაკლებად ვეღარ ამზადებენ ამ წვნიანებს. მის მომზადებას დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ ერთი ულუფის მომზადებას 2 საათამდე დრო უნდა. ყოველდღე ამის გაკეთება, როდესაც სწორად გააკეთებ, არ არის მარტივი. თვეში ერთხელ წვნიანის მიღება ნორმალურია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები იღებენ 2 ლიტრამდე წყალს და ბოსტნეულს. ტერმინი „წვნიანი“ ბავშვთა კვებაში არ არსებობს. თუ მშობელს უნდა, თუ ბავშვს მოსწონს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. თუ ბავშვს არ მოსწონს, მაგრამ მშობელს უნდა, რომ მაინცდამაინც მიაღებინოს წვნიანი, თუ სჯერა, რომ წვნიანით მოგვარდება გასტროენტეროლოგიური პრობლემები (არ მოგვარდება, მაგრამ მაინც), ბავშვსაც უნდა მიაღებინოს მის მომზადებაში მონაწილეობა. ბებიებმა მშვენივრად იციან, როდის დაამატონ მწვანილი, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, სტაფილო. წვნიანი მარტივი მოსამზადებელი არ არის. უნდა იცოდეთ, კონკრეტულ ბოსტნეულს მომზადების რა ტემპერატურული რეჟიმი აქვს,“ - მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად