Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვთა კვებაში კონსერვების გამოყენება დაუშვებელია,“ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი მზია კუზნეცოვა

„ბავშვთა კვებაში კონსერვების გამოყენება დაუშვებელია,“ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი მზია კუზნეცოვა

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მზია კუზნეცოვამ კონსერვების მომზადების წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასპირინის გამოყენება მიღებული არ არის:

„ასპირინი ტრადიციულად ბებიებისგან მოყოლებული ხშირად გამოიყენება სახლის პირობებში კონსერვების მომზადებისას. საწარმოო პირობებში უამრავი საკვები დანამატი არსებობს, რომელიც ასრულებს ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციას. ასპირინის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად არ არის მიღებული. ასპირინი არის ჩვეულებრივი მედიკამენტი. მას ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მედიკამენტს აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. ექიმის დანიშნულების გარეშე როგორც სხვა მედიკამენტების მიღება არ შეიძლება, ასპირინის შემთხვევაშიც ასეა.“

​„მთავრობის დადგენილებაც გვაქვს და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაც, რომ ბავშვთა კვებაში კონსერვის გამოყენება დაუშვებელია. კონსერვის დადებითი თვისება რაც არის, არის ის, რომ ხელმისაწვდომობა ჰქონდეს სურსათზე ხანგრძლივად ადამიანს და სურსათი შევინახოთ. კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება კონსერვში, რა თქმა უნდა, გაცილებით დაბალია. როდესაც ბავშვთა კვებაზე ვსაუბრობთ, ერთმნიშვნელოვნად უნდა ჩავრთოთ ისეთი პროდუქტები, რომელსაც მაღალი კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება აქვს,“ - აღნიშნულ საკითხზე მზია კუზნეცოვამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად