Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

კითხვის უნარის დაქვეითება არის გენეტიკური და გადადის მამაკაცის ხაზით - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

კითხვის უნარის დაქვეითება არის გენეტიკური და გადადის მამაკაცის ხაზით - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში კითხვის პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და გენეტიკის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი:

„ეს არის ნეირობიოლოგიური მდგომარეობა. არის თუ არა ეს მემკვიდრეობითი? ლიტერატურაში ყველაზე დიდი მოცულობა არის კითხვის კვლევების. ტერმინს „დისლექსია“ დღეს უკვე ნაკლებად ხმარობენ. ეს იგივეა, რაც კითხვის უნარის დაქვეითება. ყველაზე ბევრი კვლევა არის დისლექსიაზე, რომ ეს არის გენეტიკური და გადადის მამაკაცის ხაზით. ვერ/არ აზუსტებენ, რომელი გენები აკონტროლებენ ამას. ხშირად ისტორია არის, რომ მამაკაცის ხაზით ან ერთ, ან მეორე მხარეს აქვთ ხოლმე კითხვისა და წერის პრობლემები, მათემატიკის ნაკლებად.“

„რა იწვევს ამ ნეირობიოლოგიურ მდგომარეობას? ​მხოლოდ ერთი ფაქტორი არასდროს არ არის ხოლმე გადამწყვეტი. მნიშვნელოვანია მუცლად ყოფნისას თავის ტვინის პრენატალური განვითარების თავისებურებები. ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში ყალიბდება და გადის ხუთ ეტაპს. როდესაც ნეირონების დიდი ნაწილი არ კვდება და ბევრი ნეირონი რჩება, ეს ცუდია. როდესაც ბევრი ნეირონი კვდება და ცოტა რჩება, ესეც ცუდია. ნეირონების მიგრაცია - აქ არის ჩვენი უბედურება. ნეირონები გამრავლების შემდეგ შეიძლება მოხდეს ისე, რომ შუბლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს კეფაში, საფეთქლის ნეირონს აერიოს გზა და წავიდეს შუბლში. წარმოიდგინეთ, რა ხდება ასეთი ადამიანის ტვინში. ტვინი არ არის დაზიანებული. ნეირონული ქსოვილი დაზიანებული არ არის. ტვინის ფუნქციები დროზე არ ყალიბდება, რაც იწვევს დასწავლის პრობლემებს. მეორე მიზეზი არის თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრია. ტვინის ორ ჰემისფეროს თავისი ფუნქციები აქვს. ორივე ტვინი მონაწილეობს ნებისმიერ ჩვენს ქცევაში. კითხვის ათვისებას ორივე ჰემისფერო სჭირდება. კითხვა მარჯვენა ჰემისფეროთი იწყება. ასოები უნდა გაარჩიო. ცუდი მკითხველისთვის შემდეგ მარცხენა ჰემისფეროზე გადასვლა არ ხდება, ის რჩება ამ სტრატეგიაზე. “ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად