Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მართალია თუ არა, რომ ბავშვი ძილში იზრდება? - მარი მალაზონიას განმარტება

მართალია თუ არა, რომ ბავშვი ძილში იზრდება? - მარი მალაზონიას განმარტება

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის ზრდისა და მისი ორგანიზმის რეგენერაციისთვის ძილის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„საქართველოში არის ასეთი ტერმინი: „ძილში იზრდება.“ არის თუ არა ამ ფრაზაში ჭეშმარიტება? დიახ, არის ჭეშმარიტება. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან ძილს. სრულფასოვანი ძილი ყველა ასაკში აღმოჩნდა გადამწყვეტი ორგანიზმის აღდგენისთვის. რატომ ვახსენე ეს სწორედ მოზარდებთან და ბავშვებთან კავშირში? გამოთვალეს, როგორ ხდება ძილის ფაზებისა და სრულფასოვანი ძილის გავლენა ბავშვის კუნთოვან სისტემაზე და რა გავლენას ახდენს ძილი ძვლოვან აპარატზე.

ზრდის ტკივილები, როდესაც ბავშვები ძილში ამბობენ: „ფეხი მტკივა,“ აღმოჩნდა, რომ სწორედ ღამით, ძილში შეიძლება იყოს შემაწუხებელი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის კუნთური სისტემის შესახებ ინფორმაცია. კუნთების აღდგენა, კუნთის მასის შევსება სწორედ ღამით, ძილის პერიოდში ხდება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მტკიცებულებების მიხედვით.

არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმის რესურსების აღდგენას ემსახურება. ყველა ის პროდუქტი, რომლებიც ანთებას ხელს უწყობს, რეგენერაციის შემაფერხებელი პროდუქტია. ეს პროდუქტები დისტანცირებულად უნდა აღვიქვათ რეგენერაციასთან კავშირში. აღმოჩნდა, რომ ყველა პროცესირებული პროდუქტი ანთებას ხელს უწყობს და ორგანიზმის აღდგენას აფერხებს. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გაჯერებულია ტრანსცხიმებით, პროცესირებული ცხიმებით, აღდგენას აფერხებს,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად