Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე შუაში ვწევარ, აქეთ კატო მყავს, იქეთ ილია... ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდი,“ - რუსკა მაყაშვილი შვილების შესახებ საუბრობს

მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა შვილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფროსი შვილი უმცროსზე ეჭვიანობს: 

„როდესაც ილიამ გაიგო, რომ მუცელში ზის კატო, მიღება იყო ძალიან რთული. თავიდან ცდილობდა, რომ დაბრუნებულიყო მუცელში. ჩვენი ტანჯვა-წამება არ დაწყებულა კატოს გაჩენის შემდეგ. კატოს გაჩენამდეც იყო ძალიან რთული. მოვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ როდესაც კატო გამოგვყავდა სამშობიაროდან, კატომ საჩუქრები მოუტანა ილიას. თავიდან ვიყავით ისე, რომ ილია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის არის პირველი, კიდევ ჰყავს და - კატო, რომელიც გაჩნდა და უნდა გვიყვარდეს. ილიას ძალიან მოეწონა, რომ კატომ საჩუქრები მოუტანა. პირველ დღეებში ნორმალურად იყო ყველაფერი, მაგრამ რაც უფრო იზრდება კატო, უფრო რთულდება სიტუაცია.

მე არ ვამბობ იმას, რომ მე და სანდრო იდეალური მშობლები ვართ და არაფერი არ გვეშლება, მაგრამ ნამდვილად არ არის ისე, რომ ილიას ყურადღება მოაკლდა და ყველა კატოზე გადავერთეთ. პირიქით, ილია გრძნობს ყოველ წამს, რომ ის არის მნიშვნელოვანი, ძალიან გვიყვარს და როგორც აქამდე იზრდებოდა, ისე იზრდება, მაგრამ მაინც ძალიან ეჭვიანობს. მას კატო ძალიან უყვარს და ამას ჩვენც ვგრძნობთ, მაგრამ მისია და თითქოს მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ გაუბრაზდეს კატოს, მოეფეროს და სხვას არავის. კატოს ვინმე თუ გაუბრაზდება ან აწვალებს, ილია ძალიან ბრაზდება. გადადის იმასთან ჩხუბზე და ყვირის: „კატო ჩემია.“ თან ძალიან აწვალებს კატოს. მე ვეუბნები: „კატოს ძალიან ტკივა შენ რომ ურტყამ, მე რომ შენ ასე გაგიკეთო, ხომ გეტკინება? შენ რომ ასე უკეთებ კატოს, ძალიან სტკივა და ამიტომ ტირის.“ კატო შეგუებულია თავის ბედს. იცის, რომ ძმა ჰყავს ასეთი, რომელიც კივის, დახტის. სანამ რამე არ ეტკინება, კატო ერთობა ამით. ერთხელ ვუთხარი, შენ თუ ასე ცემ კატოს, ე.ი. არ გიყვარს. წაიყვანს ვინმე და შენ დარჩები ჩვენთან-თქო. ამაზე ილიას ჰქონდა საშინელი რეაქცია. იმ დღეს ყველაფერი შემისრულა საერთოდ.

ილია ამ ასაკში უკვე ძალიან ცელქი იყო. უფრო რთული იყო მისი დამორჩილება. 1 წლის გახდა და გართულდა და გართულდა. კატოს ყველაფერი ესმის, რასაც სთხოვ, ყველაფერს გისრულებს. ბებიასთან ძალიან კარგად იქცევა ილია. მე რომ ვარ, კატოს გარეშეც ძალიან ცუდად იქცევა. როდესაც სამივეს ერთად გვძინავს, ილია მთელი ღამე ჩამეხუტეს იძახის. მე შუაში ვწევარ, აქეთ კატო მყავს, იქეთ ილია. ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდი, როდესაც ორივეს ძინავს და ორივე ჩემთან ერთად არის. მამასთან ერთადაც ძალიან უყვარს ძილი. მამა ძალიან აქტიურად არის ჩართული. მე და სანდრო ერთად ვზრდით ბავშვებს ძიძის გარეშე გადასარევად," მოცემულ საკითხზე რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად