Baby Bag

„ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა,“- ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ურთიერთობებში ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„როდესაც სრული უპატივცემულობაა და არის ის, რომ რაც გინდა აკეთე და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ეს არ არის ოჯახი უკვე. შეიძლება მეზობელთან იყო ასეთ ურთიერთობაში ან ვიღაცასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს განმარტოების, მეგობრებთან წასვლის, ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება და მეორე მოითხოვდეს, რომ ის მუდამ საქმის კურსში უნდა იყოს, რა ხდება მის თავს.

ყველა ურთიერთობაში ყველაზე მთავარი არის პატივისცემა. ხომ ვამბობთ: „სიყვარული, სიყვარული...“ ზოგჯერ გასარკვევია, რა არის ეს სიყვარული, ვიცით ეს სიყვარული? სიყვარულს ხომ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. შეიძლება, ეს სიყვარული იყოს დამანგრეველი სხვისთვის. შეიძლება მე მიყვარდეს ადამიანი და დავანგრიო. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვცემდე პატივს, მის აზრს, მის არსებობას, მის პიროვნებას. ადამიანს პატივს უნდა ვცემდე არა მაშინ, როდესაც უკვე გაიზრდება, არამედ, როდესაც ჩაისახება ბავშვი და ჯერ კიდევ ნაყოფის სახით არის მუცელში, მე მას პატივს უნდა ვცემდე და ცალკე პიროვნებად აღვიქვამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ ის ბავშვი არის გამართული, არის ლაღი და ადეკვატური,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალგაზრდა მშობლების მთავარი შეცდომები, რომლებიც დროულად უნდა გამოსწორდეს - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

ახალგაზრდა მშობლების მთავარი შეცდომები, რომლებიც დროულად უნდა გამოსწორდეს - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ახალგაზრდა მშობლების მიერ დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომების შესახებ ისაუბრა და მშობლებს მათი გამოსწორებისკენ მოუწოდა.

ევგენი კომაროვსკის თქმით, თანამედროვე სამყაროში ბავშვის გაჩენას ლოგიკა, ინტელექტი და ჯანსაღი აზრის ქონა ესაჭიროება.

„21-ე საუკუნეში არ შეიძლება ქალი მარტო დავტოვოთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტისას,“ - განაცხადა ევგენი კომაროვსკიმ. პედიატრის თქმით, ყველაზე ნაკითხი და განათლებული დედაც შიშობს, რომ მის ახალშობილს რაღაც ცუდი დაემართება.

ახალგაზრდა მშობლების მიერ დაშვებულ ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომებზე საუბრისას ევგენი კომაროვსკიმ აღნიშნა, რომ ქმარი ცოლისადმი ყურადღებას მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ ავლენს და არა მისი ჩასახვისთანავე. ქალს განსაკუთრებული ყურადღება ამ ეტაპზეც ესაჭიროება. ევგენი კომაროვსკიმ შემაშფოთებელ სტატისტიკაზეც მიანიშნა, რომელიც აჩვენებს, რომ მეუღლეები ერთმანეთს ყველაზე ხშირად პირველი შვილის დაბადების შემდეგ შორდებიან. „ეს იმიტომ ხდება, რომ არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ. მამაკაცები მთლიანად მოწყვეტილი არიან ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ისინი ამაში არ მონაწილეობენ,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

პედიატრის თქმით, ახალგაზრდა მშობლები ვერ იგებენ, რატომ ტირიან მათი შვილები. როგორც წესი, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ბავშვი შეიძლება მის ახლოს ბუზის ჩაფრენის გამოც ატირდეს, ან ხელი ექავებოდეს და მხოლოდ ეს იყოს მისი ტირილის მიზეზი.

„ახალგაზრდა დედებს მხოლოდ ორი აზრი აწუხებთ: ბავშვი ტირის, რადგან შესცივდა, ან ტირის, რადგან მოშივდა. ბავშვი ტირის, დედა კი მას კვებავს, ბავშვს წყურვილის გრძნობა აწუხებს, დედა კი მას აჭმევს,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ. პედიატრის თქმით, ქალი აუცილებლად უნდა გაეცნოს ხარისხიან ლიტერატურას ბავშვის აღზრდისა და მოვლის შესახებ, რათა ყველაფერი თავის ადგილას დადგეს და დედის უსაფუძვლო შფოთვა სწრაფად დასრულდეს.

წყარო: ​mamaplus.md 

წაიკითხეთ სრულად