Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უჩნდებათ ბავშვებს აკვიატებული შიშები, როგორ უნდა დავეხმაროთ და რა ფრაზები არ უნდა გამოვიყენოთ მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად?

რატომ უჩნდებათ ბავშვებს აკვიატებული შიშები, როგორ უნდა დავეხმაროთ და რა ფრაზები არ უნდა გამოვიყენოთ მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად?

რატომ უჩნდებათ ბავშვებს აკვიატებული შიშები, როგორ უნდა დავეხმაროთ და რა ფრაზები არ უნდა გამოვიყენოთ მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა.

- რატომ უჩნდებათ ბავშვებს აკვიატებული შიშები?

შიში ისეთივე მნიშვნელოვანი ემოციაა, როგორც სიხარული ან ბრაზი. შიშს შეუძლია გვიბიძგოს უსაფრთხოებისკენ და თვითდაცვის მექანიზმების ფორმირებისკენ. შიშის, როგორც ემოციის არსებობა ან გამოვლენა არავითარ შემთხვევაში არ არის დამაკნინებელი მდგომარეობა ან სისუსტის ინდიკატორი ადამიანისთვის, როგორც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე მოიაზრებენ. შიშის არსებობა იმდენადვე დაშვებულია ბიჭებისთვის, როგორც გოგონებისთვის, ორივე სქესის შემთხვევაში თანაბრად მნიშვნელოვანია თავისუფალი სივრცე, დრო ემოციების გამოხატვისა და ვალიდაციისთვის. დაუშვებელია ისეთი ფრაზები როგორიც არის “ შენ ბიჭი ხარ, რისი გეშინია?!”

მთელი ცხოვრების მანძილზე შესაძლოა იცვლებოდეს შიშის წინაპირობა და გამოხატვის, რეაგირების ფორმები. პირველ რიგში,შეგვიძლია გამოვყოთ ასაკობრივი ეტაპებისთვის დამახასიათებელი შიშები:.

2 წლამდე ბავშვებს ეშინიათ მაღალი ხმების და უცხო სახეების;

2-4 წლის ბავშვებს ეშინიათ სიბნელის, ჭექა-ქუხილის, მშობლებთან განშორების და ასევე, ღამისქოთნის გამოყენების;

5-7 წლის ბავშვებს ეშინიათ ცუდი სიზმრების, ასევე შეცდომების დაშვებისა და მშობლების, მასწავლებლების იმედგაცრუების;

ბავშვებს, 7 წლიდან, შესაძლოა ეშინოდეთ ისეთი მოვლენების, რაც მათი თვალსაწიერის მიღმაა. იწყებენ ფიქრს ბუნებრივი კატასტროფებისა და სიკვდილის შესახებ, ეშინიათ ოჯახის წევრების გარდაცვალების. ასევე, ვლინდება შიში რეალური ობიექტების მიმართ( ობობა, გველი და ა.შ.).

- რამდენად არის ეს დამოკიდებული ოჯახურ მდგომარეობაზე?

გარდა ასაკობრივი ეტაპებისთვის დამახასიათებელი შიშებისა, ემოციის წინაპირობა შესაძლოა გახდეს ნებისმიერი უსიამოვნო, საფრთხის შემცველი გამოცდილება ბავშვისთვის. ასევე, აღმზრდელობით პროცესში დაშვებული შეცდომები, მაგალითად: “ თუ არ დაიძინებ, ბნელ ოთახში მარტო დარჩები”;“თუ არ შეჭამ მგელი მოვა და წაგიყვანს”; “ დღეს ბაღში კარგად თუ არ მოიქცევი, არ მოგაკითხავ” და ა.შ. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახლში კონფლიქტები და მშობლის როლური მოდელი, თუ როგორ უმკლავდება თავად მშობელი შიშებს. ხშირად, მშობელს ეშინია, მაგალითად, ძაღლის და ეს ფაქტორი ხდება მაპროვოცირებელი ბავშვის შემთხვევაში.

- როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს, როდესაც რაღაცის ეშინია?

იმისთვის, რომ ეფექტურად შევძლოთ ბავშვის დახმარება, პირველ რიგში, ჩვენ ზრდასრულებმა უნდა გავიაზროთ თითოეული ემოციის მნიშვნელობა და არ გავაუფასუროთ, აქედან გამომდინარე, ბავშვს მივცეთ სირვცე და დრო გაზიარებისთვის. აუცილებელია, ბავშვმა მშობლისგან მიიღოს ვალიდაცია და ნორმალიზება. “ რისი გეშინია?!”, “ ნუ გეშინია!”, “ არაფერია საშიში” - ეს ფრაზები ბავშვს არ ეხმარება, პირიქით, უჩენს სირცხვილის, დანაშაულის განცდას და გარემოდან იღებს გაუფასურებას.

გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ ახერხებდით შიშებთან გამკლავებას. ასწავლეთ სუნთქვითი სავარჯიშოები და „გრაუნდინგ“ ტექნიკები, აღნიშნული სავარჯიშოები შესაძლებელია ერთად გააკეთოთ,ეს აგრძნობინებს თქვენს მხარდაჭერას ერთი პრობლემის წინაშე.

ასევე, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ მიმდინარე პერიოდში ჩვენ რა მექანიზმების საშუალებით ვახერხებთ შიშებთან თუ სხვა ემოციებთან გამკლავებას, რაც ბავშვისთვის როლური მოდელია და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

- როდის შეიძლება ჩავთვალოთ რომ შიში პრობლემაა და მივმართოთ სპეციალისტს?

თუ შიშები ბავშვს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს იმდენად უშლის, რომ ფუნქციონირების ხარისხზე ნეგატიურად აისახება, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად