Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძროხის რძის მიღება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს“

რკინადეფიციტური ანემიის შესახებ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პედიატრი ეკა უბერი საუბრობს. 

მისი თქმით, ​რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ პირველ რიგში დღენაკლული, ადრეული ასაკის ბავშვები, არასრულწლოვნები, განსაკუთრებით 12-15 წლის წლის ასაკში, ის ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვნად, ერთფეროვანი საკვებით იკვებებიან. ერთ-ერთ რისკს ასევე წარმოადგენს ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში არაადაპტირებული კვების მიღება, კერძოდ, ძროხის რძის მიღება:

რაც შეეხება კლინიკურ სიმპტომატიკას, პედიატრის თქმით, ეს არის კანის სიმშრალე, თმების ადვილად მტვრევადობა, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე:

,,სიმპტომატიკა შესაძლოა, გაცილებით მოგვიანებით ფაზაში გამოვლინდეს და ანემია პირველ ეტაპზე პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. როდესაც პრევენციული ღონისძიებები დროულად არის მიღებული, რა თქმა უნდა, რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკები მინიმუმამდეა შემცირებული. ბავშვები ანემიის პრევენცია პირველ რიგში გულისხმობს სრულფასოვან კვებას და პედიატრის მიერ მუდმივ მონიტორინგს,'' - აღნიშნავს ეკა უბერი. 

წყარო: ​,,შენი დილა''


წაიკითხეთ სრულად