Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხშირად მშობლები ამბობენ: „კი არ ვცემ, უბრალოდ მოვარტყამ,“ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს არის ბავშვისთვის მოდელი, ის ამას დაისწავლის,“ - ფსიქოლოგი სალომე გაბაძე

ფსიქოლოგი სალომე გაბაძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ნეგატიური შედეგების შესახებ საუბრობს:

„დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმის ფიზიკური აგრესია კატეგორიულად აკრძალულია ბავშვის მიმართ. რა თქმა უნდა, იკრძალება არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობაც. ხშირად მშობლები ამბობენ: „კი არ ვცემ, უბრალოდ მოვარტყამ.“ არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს არის ბავშვისთვის მოდელი. ის ამას დაისწავლის, როგორც ქცევის მოდელს და შემდეგ თავად განახორცილეებს იმავეს, პირველ რიგში, თანატოლების მიმართ, ოჯახის წევრების მიმართ, ხოლო სამომავლოდ საკუთარი შვილების მიმართ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე საუბარს იმით ვიწყებ, რომ ნებისმიერი აგრესიის გამომხატველი ქცევა არის კატეგოირულად მიუღებელი.“

სალომე გაბაძის თქმით, მშობლები თავის მოწონების მიზნით, სტუმრად ყოფნისას ბავშვებს ხშირად მძიმე მდგომარეობაში აგდებენ და მათ მეტისმეტად სტრესავენ:

„რაც შეეხება განსხვავებას სახლის გარემოსა და სტუმრად ყოფნას შორის, პირველ რიგში, კარგი იქნება, რომ მშობელმა სტუმრად წასვლის წინ უთხრას ბავშვს, თუ რა ელის მას იმ გარემოში, სად მიდის, ვისთან მიდის და როგორი იქნებოდა მისაღები ქცევა ბავშვისგან. ამის შემდეგ, შესაძლოა, ბავშვმა სტუმრად ყოფნისას მაინც გამოავლინოს ქცევა, რომელიც მშობლისთვის არ იქნება მისაღები და არ იქნება მისი მოლოდინის შესაბამისი ან თავმოსაწონებელი. აქაც გააჩნია რა სიმწვავის ქცევა ვლინდება. რეალურად პირზე ხელის აფარება, ჩქმეტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვის ქცევა მშობლის სოციალურ მოლოდინს არ ამართლებს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს საკუთარი თავი.“

„არ დავეთანხმებოდი მშობლების დამოკიდებულებას, როდესაც უნდათ, რომ განსაკუთრებით წარმოაჩინონ ბავშვები სტუმრად ყოფნისას. ეს ერთგვარი ზეწოლაა ბავშვზე. ბავშვს ეუბნებიან, რომ ლექსები თქვას, იმღეროს, უსვამენ სხვადასხვა შეკითხვას, უნდათ, რომ მოყვეს ისტორიები, რაც ბავშვისთვის, შეიძლება, საერთოდ არ იყოს კომფორტული იმ გარემოში. უმჯობესია, ბავშვს მივცეთ ადაპტაციის შესაძლებლობა. უცხო გარემო ნებისმიერი ჩვენგანისთვის სტრესია, ვიღაცისთვის ნაკლებად, ვიღაცისთვის მეტად. ასევეა ბავშვისთვისაც, მას ნებისმიერი უცხო გარემო გარკვეულ სტრესს უქმნის და სჭირდება დრო იმისთვის, რომ ამ გარემოს მოერგოს, გაიგოს, რა მოლოდინი აქვს ამ გარემოს მის მიმართ. შესაბამისად, უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან შესვლისთანავე როდესაც კიდევ დამატებითი მოთხოვნები ჩნდება ბავშვის მიმართ, ეს ბავშვის ემოციურად დათრგუნვას იწვევს,“ - აღნიშნავს სალომე გაბაძე.

წაიკითხეთ სრულად