Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

იწვევს თუ არა სტრესი უშვილობას?- გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი

იწვევს თუ არა სტრესი უშვილობას?- გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი

გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა მადონა ჯუღელმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სტრესის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„სტრესის ჩამოყალიბების 3 ფაზა არსებობს. რა გავლენა აქვს მას რეპროდუქციულ რგოლზე? პირველ სტადიაზე ხდება მთელი ორგანიზმის ადაპტაცია, რომ სტრესთან გაძლების შესაძლებლობა შექმნას. შემდგომ მოდის წინაღობის, რეზისტენტობის სტადია. ჩვენ ვუპირისპირდებით სტრესს. მესამე არის გამოფიტვის სტადია. ამ პერიოდში, როდესაც ერთი სტადია მეორეში გადადის, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ხდება რეპროდუქციული რგოლის გადამზადება. როდესაც იწყება განგაშის მეორე სტადია, ორგანიზმში ირთვება სტრეს ჰორმონები, რომელთა გამომუშავება ხდება თავში. აქ არის კორტიზოლი, ადრენალინი, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ გავიქცეთ.

ვთქვათ, ჩვენ ვართ ტყეში. შევეჩეხეთ დათვს. ხდება მობილიზაცია, ჩვენ შეგვიძლია ამავდროულად დავიცვათ თავი ამ სტრესისგან. მერე არის მდგომარეობა, როდესაც ყოველდღიურად მოდის ჩვენთან დათვი. ის ჰორმონები, რომლებიც მანამდე ჩვენ გვიცავდა, ხდება ტოქსიური ჩვენთვის. უკვე ვეღარ ძლებს ორგანიზმი ამ პირობებში. დისტრესის პერიოდში ირთვება როგორც იმუნური სისტემა, ასევე ჰორმონალური სისტემა. ხდება რეპროდუქციული ფუნქციების მკვეთრად დაქვეითება. 1997-98 წელს აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინში, ჰიპოთალამუსში არის ნივთიერება ქისპეპტინი. ის აკონტროლებს ჰიპოთალამუსისა და საკვერცხის ურთიერთკავშირს. როდესაც გვაქვს ქრონიკული და გადამეტებული სტრესი, ქისპეპტინის რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსისა და საკვერცხის ურთიერთკავშირს მკვეთრად ამცირებს. შესაძლებელია სრულად მოხდეს რეპროდუქციული რგოლის გამოფიტვა, გამოთიშვა. იყოს მენსტრუაციის არქონა, ფოლიკულოგენეზის დაქვეითება, კვერცხუჯრედის ხარისხის შემცირება, ასე მივდივართ მერე უკვე უშვილობამდე,“- აღნიშნულ საკითხზე მადონა ჯუღელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად