Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ბავშვის განვითარების კანონი, განვითარება მხოლოდ ამ პროცესში მოხდება,“- შალვა ამონაშვილი

„ეს არის ბავშვის განვითარების კანონი, განვითარება მხოლოდ ამ პროცესში მოხდება,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის განვითარების კანონზე ისაუბრა, რომლის გარეშეც ის ვერ განვითარდება:

„ბავშვში არის ძლიერი მისწრაფებები, რომელსაც ის უმკლავდება და უნდა, რომ ჰქონდეს. ბავშვს არ შეუძლია მათ არ დაემორჩილოს. ბავშვს უნდა განვითარება. რომ არ განვითარდეს, ცხოველურ დონეზე დარჩება. ვინც მას ამაში შეეშველება, ის უთუოდ შეუყვარდება. ვინც ამაში ხელს შეუშლის, იმას განუდგება. ბავშვს განვითარებაში დიდი უნდა წაეშველოს. აგერ ავიდა ბავშვი სადღაც და გადმოხტა. შენ ეუბნები: „უი, უი, არ ახვიდე.“ აგერ 4 წლის გოგონა საწოლის ქვეშ შეძვრა. „გამოდი ახლავე,“ - ეუბნებით. ბავშვი ყველაფერს აკეთებს ზღვარზე, უნდა, რომ უფსკრულში ჩაიხედოს. დედას გული უსკდება. ბეწვის ხიდზე გაივლის ბავშვი. ზღვარს ეძებს ის. როდესაც დიდი არ ეხმარება, ის თვითონ ცდილობს განვითარებას. როდის ხდება განვითარება? როდესაც ბავშვი სიძნელეს ეჭიდება. განვითარება მოხდება, მხოლოდ სიძნელეთა გადალახვის პროცესში. ეს არის განვითარების კანონი.

ერთხელ მე და პაატა ავდიოდით მეცხრე სართულზე. ლიფტი იყო გამორთული. მე ვეუბნები: „იცი, შოთა ძიამ, მათემატიკოსი რომ არის, მითხრა, რომ ბავშვი თურმე შეიძლება დაეწიოს მამას ასაკით.“ ეგ როგორო, მკითხა პაატამ. მეორე კლასში იყო მაშინ. ვუთხარი, მამა 19 წლისაა, შვილი ერთის, რამდენჯერ დიდია მამა? მითხრა, 19-ჯერო. მამა 20-ისაა, შვილი 2-ის, რამდენჯერ დიდია? 10-ჯერო. ხომ ხედავ, ეწევა-მეთქი. ვერასდროს დაეწევაო. ხომ ხედავ, მათემატიკა ასე ამბობს-მეთქი. ბევრი იჯახირა. მეგობრებიც ჩართო და მიხვდა. შენ მეკითხები რამდენჯერ, უნდა მკითხო, რამდენითო, რადგან ვერასდროს დაეწევა შვილიო. ვუთხარი, უი, ძია შოთასაც შეშლია-მეთქი. მერე ძია შოთასაც დავურეკე და ვუთხარი: „შოთა, შენ შეგეშელა.“ არადა, განგებ მოგონილი სიძნელე მივეცი ბავშვს გონებრივი. იქვე ვდგავარ, რომ შევეშველო თუ გაუჭირდება, რომ გადალახოს. ძნელი რამე აკეთებინე ბავშვს, ააწევინე, გადაადგმევინე. თან იქვე უნდა ედგე, რომ შეეშველო. არ წაიქცეს, არ დაეცეს! ცხოვრების გამოცდილება უნდა მიიღოს ბავშვმა. რაც მეტს ავაცდენთ ამ გამოცდილებს, მით უმწირაფი იქნება ის. დაისვი, როდესაც მანქანას ბორბალი უნდა გამოუცვალო, დაიხმარე ის. რა თქმა უნდა, მისი გაკეთებული სასაცილო იქნება, მაგრამ რომ აკეთებს ამას, ამაში ის იზრდება და ვითარდება,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად