Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სამი წლის ასაკის ბავშვი უკვე ცალ ფეხზე უნდა იდგეს, ეს თუ არ აქვს, კალიგრაფიაში პრობლემა ექნება,“- თამარ გაგოშიძე

„სამი წლის ასაკის ბავშვი უკვე ცალ ფეხზე უნდა იდგეს, ეს თუ არ აქვს, კალიგრაფიაში პრობლემა ექნება,“- თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში მეტყველების განვითარების ხელშემწყობი თამაშების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ექვსი წლის ასაკის ბავშვი თუ თხუთმეტ წუთზე მეტს არ გისმენს, ეს პრობლემაა. სამი წლის ასკის ბავშვს მეტი არ უნდა მოსთხოვო. გინდა თუ არა დაგიჯდეს მაგიდასთან და ერთი საათი გისმინოს, არ არის ეს ნორმალური. მისი მზაობა არის იმისთვის, რომ მოტორულად შეიმეცნოს სამყარო. ამ პერიოდში ბავშვები უკვე სიტყვებით თამაშობენ. ეს არის მეტყველების განვითარების აქტიური პერიოდი. ორიდან სამ წლამდე აქტიურდება „ვითომ“ თამაშები. ვითომ ტელეფონია ნებისმიერი სხვა საგანი, ვითომ ცხენია ჯოხი. ორიდან სამ წლამდე ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ეს ფუნდამენტი უნდა ჰქონდეს ბავშვს. ის შემდგომში როლურ თამაშში გადაიზრდება.“

თამარ გაგოშიძის თქმით, 3-4 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს სიტყვით თავისი ქმედების რეგულირება:

„ოთხი წლის ასაკის ბავშვები უკვე აქტიურად თამაშობენ. ამ დროისთვის ბავშვს ისეთი სათამაშოები უნდა მივაშველოთ, რომელიც ხელს უწყობს მეტყველებას. უკვე სიტყვა ხდება ბავშვის იმპულსისა და ქცევის რეგულაციის საშუალება. 3-4 წლის ასაკის ბავშვმა უნდა იცოდეს სიტყვით თავისი ქმედების რეგულირება. თამაშებით ბავშვი სწავლობს სიტყვებს, ფორმებს, ფერებს, კომუნიკაციას, ქცევის რეგულირებას. ის იმზადებს თავს ნებისყოფით გაშუალებული აქტივობისთვის.“

„პირველკლასელი ბავშვები როდესაც მოჰყავთ პრობლემით, რომ მათ უჭირთ წერა, სიტუაციას რომ ვიძიებთ, აღმოჩნდება, რომ ფუნდამენტი არ აქვთ. კალიგრაფია კოორდინაციის შედეგია. სამი წლის ასაკის ბავშვი უკვე ცალ ფეხზე უნდა იდგეს. ერთი წუთის განმავლობაში მას უნდა შეეძლოს ცალ ფეხზე დგომა. სამ-ნახევარი წლის ბავშვი უნდა ხტუნავდეს ცალ ფეხზე და იცავდეს წონასწორობას. ეს თუ არ აქვს, კალიგრაფიაში პრობლემა იქნება. წონასწორობა და ცალ ფეხზე დგომა ბევრ რამეს მოითხოვს. წერა კოორდინაციაა. თუ თვალსა და ხელს შორის ურთიერთობები გავარჯიშებული არ არის, სამთვლიან ველოსიპედს ვერ ატარებს და ცალ ფეხზე ვერ დგას, ამ ბავშვს სერიოზული პრობლემები შეექმნება. ვარჯიში, რომ გინდა თუ არა წერეო, ხუთი წლის ასაკშიც არ უშველის,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი

წაიკითხეთ სრულად