Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ სქოლიოზის კორექცია გააკეთოთ,“ - ექიმი-რეაბილიტოლოგი თეა ადამია

„ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ სქოლიოზის კორექცია გააკეთოთ,“ - ექიმი-რეაბილიტოლოგი თეა ადამია

ექიმმა-რეაბილიტოლოგმა თეა ადამიამ ხერხემლის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის სასურველი სპორტული სახეობების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სქოლიოზის კორექციას ცურვის დახმარებით ვერ შევძლებთ:

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ​რა მოძრაობას აკეთებს ადამიანი, ამა თუ იმ სპორტის სახეობაში ჩართულობისას. ცურვის დროს წარმოუდგენელია, რომ თქვენ კორექცია გააკეთოთ. როდესაც ბავშვს სქოლიოზი აქვს, ის წყალში გამოიყენებს ძლიერ მხარეს. ხშირად მშობელი ჩივის, რომ მწვრთნელი ბავშვს შენიშვნას აძლევს, რადგან ის ბილიკიდან ცდება. ასეთ შემთხვევაში ცურვა იქნება გამაჯანსაღებელი და არა მაკორეგირებელი. თუ არის საუბარი იმაზე, რომ ტანდეგობა მოშვებულია, სიმეტრიულია სხეული, მაგრამ სუსტია, ასეთ შემთხვევაში ცურვა კარგია. ცურვა არის ფანტასტიკური საშუალება, რომ გავაძლიეროთ კუნთი.“

თეა ადამიას თქმით, არცერთი სპორტი არ უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას ან ზრდის შეფერხებას:

„ჩვენ ვხედავთ, რომ სპორტის ერთ სახეობაში უდიდესი ნაწილი სპორტსმენების არის ტანდაბალი, მეორეში კი ტანმაღალია. ასე იმიტომ ხდება, რომ ეს უკეთესი მონაცემია პროფესიული სპორტისთვის. ​მაღალი მიღწევების სპორტი სახეობის მიხედვით ითხოვს გარკვეულ გენეტიკურ მონაცემს. ნებისმიერი დოზირებული ფიზიკური დატვირთვა ბავშვის განვითარებას ხელს უწყობს.“

„მითია, რომ მხატვრული ტანვარჯიში სიმაღლეში ზრდას აფერხებს, ისევე როგორც მითია ის, რომ კალათბურთი და ფრენბურთი სიმაღლეში ზრდის,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა ადამიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად